ახალი ამბები

შსს-მ „ტვ პირველის“ ჟურნალისტების განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 მარტს, „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტების – ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით გამოძიება დაიწყო (სსსკ-ის 18-109-ე).

გამოძიების დაწყება ქონების გამოძალვაში მსჯავრდებული, ამჟამად უცხოეთში მცხოვრები, ქვემო ქართლის ყოფილი რწმუნებულის (1994-2003წწ), ლევან მამალაძის ტელეკომპანია „იმედთან“ 10 მარტის ინტერვიუს მოჰყვა, სადაც მან უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით თქვა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის ასევე ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი „ქვეყანაში არეულობის“ გამოწვევის მიზნით, ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის მკვლელობას გეგმავენ.

გამოძიების დაწყებას წინ ნოდარ მელაძის მხრიდან სამართალდამცველი სტრუქტურების კრიტიკა უძღვოდა. მან პროკურატურასა და შსს-ს შეახსენა, რომ საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა მათი პირდაპირი მოვალეობაა და მამალაძის განცხადებაზე რეაგირებისკენ მოუწოდა. მანვე გამოთქვა, ეჭვი, რომ სამთავრობო „მედიის“ მიერ ჟურნალისტების სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ „დაწყებული პროპაგანდა“, შესაძლოა, თავად ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილ სავარაუდო შურისძიებისთვის ნიადაგის მომზადებას უკავშირდებოდეს, „რათა, შემდეგ, ეს ვინმე სხვას დააბრალოს“.

მოგვიანებით, ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ მათი შესაძლო მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიების დაწყების შესახებ შსს-დან აცნობეს და სახელმწიფო დაცვის პროგარამაში ჩართვა შესთავაზეს. გამოკითხვაზე დაბარების შემთხვევაში, ისინი აპირებენ, რომ გამიძიებას ქართული ოცნების წევრების მხრიდან მათ მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია.

6 მარტს, „ტელეკომპანია პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში“ ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ ფარული აუდიოჩანაწერები გაასაჯაროვა, რომლებშიც ისმის, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დამცირებას, დაშინებასა და დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების ოჯახის შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ჩანაწერების მიხედვით, იგი ამ თემაზე ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს და ახალისებს.

პროკურატურამ საქმეზე გამოძიება 9 მარტს „უნებართვო ჩაწერის“, ასევე „ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე“ დაიწყო. იმავე დღეს სასამართლომ საგამოძიებო უწყებას ტელეკომპანიიდან მასალების ამოღების ნებართვა მისცა, რასაც, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების მისამართით კრიტიკა მოჰყვა, ტელეკომპანიამ კი – დიპლომატებს „სწრაფი“ რეაგირებისკენ მოუწოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button