skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირმა საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მედიატორი დანიშნა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, უმაღლეს წარმომადგენელ ჟუზებ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის მედიაცია შვედეთში ევროკომისიის წარმომადგენელს, ქრისტიან დანიელსონს დაავალა.

დანიელსონის დანიშვნას თბილისში ერთი კვირის წინ სტუმრად მყოფი შარლ მიშელის ძალისხმევით ქართული ოცნების ხელისუფლებისა და ოპოზიციის შორის დიალოგის განახლება უძღოდა წინ.

პრეზიდენტ მიშელის პრესსპიკერის ბარენდ ლეითსის განცხადების მიხედვით, დანიელსონი საქართველოს უახლოეს დღეებში ესტუმრება და მოლაპარაკებებში ჩართულ ყველა მხარეს შეხვდება.

განცხადების თანახმად, პრეზიდენტი მიშელი და უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი ყველა მხარეს მოუწოდებენ სრულად უერთგულონ კონსტრუქციული დიალოგის შესახებ დადებულ პირობას, ორმხრივად მისაღები შედეგისა და სტაბილური, დემოკრატიული და რეფორმებზე ორიენტირებული საქართველოსათვის, რომელსაც ევროპულ გზაზე წინსვლა შეეძლება.

ქრისტიან დანიელსონი წარმოშობით შვედი დიპლომატია, რომელიც 2010 წლამდე ევროკავშირში შვედეთის მუდმივი წარმომადგენლის პოზიციას იკავებდა. 2011 წელს ის ევროკომისიის გენერალური მდივნის მოადგილე გახდა, 2013 წელს კი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალურ დირექტორად დაინიშნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button