skip to content
ახალი ამბები

ასლან ბჟანიას ყოფილი თანაშემწე დააკავეს

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერის, ასლან ბჟანიას ყოფილი თანაშემწე ახრა ავიძბა 4 მარტს სოხუმში დააკავეს. ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვანი გამოცემა „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

აფხაზეთის მილიციას ავიძბას დაკავებაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. გავრცელებული ინფორმაციით, მისი მხარდამჭერები და ნათესავები წარსულში დონბასში მებრძოლ ავიძბას დაკავებას აფხაზეთში თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკიდან თითქოს უკანონოდ შეიარაღებული პირების შემოყვანასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უკავშირებენ.

იმ დროს, როდესაც ავიძბას სოხუმის ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობდა, „ტელეგრამის“ აფხაზურმა არხმა – Amra-life-მა განაცხადა, რომ სამართალდამცველები შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების შესაძლო მომზადების მტკიცებულებას ეძებდნენ.

სხვადასხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით, არხი ასევე იტყობინებოდა, რომ „ჩხრეკისას [ავიძბას] სახლში იარაღი და ტყვია-წამალი აღმოაჩინეს“.

რამდენიმე დღის წინ, ავიძბამ ახალი ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ განაცხადა, რომელიც სამომავლოდ პოლიტიკურ პარტიად უნდა ქცეულიყო.

ახრა ავიძბა 2014 წელს დონეცკში ადგილობრივ მეამბოხეებთან ერთად, უკრაინული ძალების წინააღმდეგ იბრძოდა. მას მეტსახელად „აფხაზი“ შეარქვეს.

მისმა სახელმა სოხუმში 2020 წლის იანვრის არეულობების დროსაც გაიჟღერა, რის შედეგადაც ყოფილმა „პრეზიდენტმა“ რაულ ხაჯიმბამ თანამდებობა დატოვა. ავიძბა ოპოზიციის მხარდამჭერების ჯგუფს უძღვებოდა, რომელმაც 9 იანვარს ხაჯიმბას „რეზიდენცია“ შტურმით აიღო.

35 წლის ავიძბა ოკუპირებული რეგიონის „პრეზიდენტის“ თანაშემწედ 2020 წლის ივნისში დაინიშნა, თუმცა დაახლოებით ექვს თვეში, მან თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც „საერთო საქმეში რწმენა დაკარგა“.

იანვარში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 2014 წელს უკანონო შეიარაღებული ფორმირების „პიატნაშკას“ ჩამოყალიბებისა და მეთაურობის გამო ავიძბაზე ძებნა გამოაცხადა.

„ის უშუალოდ მონაწილეობდა დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკრაინის გაერთიანებული ძალების ანტიტერორისტული ოპერაციის წინააღმდეგ. ასევე, დატყვევებული უკრაინელი სამხედროების დამცირებასა და წამებაში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებაში“, – განაცხადა უსაფრთხოების სამსახურმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button