ახალი ამბები

პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა

საქართველოს პარლამენტმა 16 თებერვალს გამართულ პლენარულ სხდომაზე, 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ, პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.

უმრავლესობის დეპუტატებმა გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პროტესტის ფონზე დაუჭირეს. მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის წინააღმდეგ მისცეს ხმა პარტია მოქალაქეების დეპუტატებმა, ევროპელმა სოციალისტებმა კი – კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

დღევანდელ სხდომას კვლავინდებურეად არ დასწრებიან პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიები.

გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტს მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის თხოვნით 12 თებერვალს მას შემდეგ მიმართა, რაც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ უარი განაცხადა ნოემბერში ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის პროტესტის ნიშნად გადაგდების გამო გირაოზე დამატებული 40 000 ლარი გადაეხადა.

პარლამენტმა 2019 წლის 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება-ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მელიას 2019 წლის 26 ივნისს დეპუტატის იმუნიტეტი ერთხელ უკვე მოუხსნა.

ამის მომდევნო დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მელია 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა. იმავე წლის ივლისში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურას მელიაზე დამატებით ელექტრონული მონიტორინგი დაავალა. მას ხელზე სპეციალური სამაჯური სწორედ ამის შემდეგ დაუმაგრეს.

ახლა ჯერი კვლავ სასამართლოზეა. მან უნდა გადაწყვიტოს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, შეუცვლის თუ არა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს შეფარდებულ გირაოს წინასწარი პატიმრობით.

„მონა ვერასდროს გაასამართლებს და დააპატიმრებს საქართველოს ამაყ მოქალაქეს, განსაკუთრებით 20 ივნისის საქმის გამო“, – თქვა ნიკა მელიამ პარლამენტის მიერ მისთვის იმუნიტეტის მოხსნამდე. მანვე დაამატა, რომ იგი „უსამართლობას“ არ შეეგუება და ქვეყანაში „თითქოს კანონის სახელით ხალხის გასამართლება“ უნდა დასრულდეს.

პლენარული სხდომის დაწყებამდე განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმაც და მოუწოდა პარლამენტს არ გაეცა თანხმობა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, პროკურატურას კი – გადახედოს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისთვის აღკვეთის ღონისძიებების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას გადახედოს.

„ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მიმართ ამგვარი შერჩევითი დევნა დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს და იწვევს პოლიტიკური გარემოს კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ასევე დღეს სხდომამდე გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button