Placeholder canvas
ახალი ამბები

ოთხი დეპუტატი „პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შედის და პარტიას ტოვებს

ოთხი დეპუტატი „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიით საერთო ოპოზიციური ბოიკოტის ფონზე მეათე მოწვევის პარლამენტში შედის და პარტიას ტოვებს.

5 იანვარს პარლამენტმა სამი მათგანის – ზაზა მიქაძის, ფრიდონ ინჯიასა და დავით ზილფიმიანის – უფლებამოსილება ცნო მას შემდეგ, რაც წინა დღეს პარტიის პირველ სამეულს – ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს – თავიანთი განცხადებების საფუძველზე მანდატები შეუწყდა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტს მათი ადგილმონაცვლეების დოკუმენტაცია მიაწოდა.

პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, პროპორციულ სიაში მეოთხე ნომრად მყოფმა ავთანდილ ენუქიძემ, მანდატის შენარჩუნებისა და პარლამენტში შესვლის შესახებ ჯერ კიდევ დეკემბერში განაცხადა.

პარლამენტში შესულმა ოთხმა დეპუტატმა საერთო განცხადებაში თავიანთი გადაწყვეტილება განმარტა და ქვეყანაში არსებული კრიზისების ფონზე პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მათ ასევე განაცხადეს, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ ტოვებენ და ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას, „ევროპულ სოციალისტებს“, აფუძნებენ.

ცესკოს საბოლოო შედეგების თანახმად, „პატრიოტთა ალიანსმა“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 3,14% მიიღო და ოთხი მანდატი მოიპოვა, თუმცა, სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, უარი თქვა ოფიციალური შედეგების ცნობაზე და პარლამენტში შესვლაზე.

პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება პირველად ავთანდილ ენუქიძემ გააჟღერა. ირმა ინაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ ენუქიძე პარტიის „ბიზნეს შემადგენელს“ წარმოადგენდა, რომელიც „პატრიოტთა ალიანსს“ ფინანსურად ეხმარებოდა, ხოლო პარტიის „პოლიტიკური შემადგენელი“ ბოიკოტს გააგრძელებდა.

„პატრიოტთა ალიანსის“ სიით შესული ოთხი დეპუტატი პირველები არიან, ვინც ოპოზიციის საერთო ბოიკოტს გადაუხვია. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართა, მანამდე კი ცესკოში პროპორციული სიების ჩახსნა მოითხოვა, რათა სიის მიხედვით მანდატების ადგილმონაცვლეობა გამოერიცხა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button