skip to content
ახალი ამბები

საქართველომ რეგულარული ფრენები განაახლა

ქვეყანაში შემომავალი საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეებისთვის კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული ზომების შემსუბუქების ფარგლებში, საქართველომ 1 თებერვლიდან რეგულარული საერთაშორისო ფრენები განაახლა.    

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თებერვალში რეგულარული ფრენები შემდეგი მიმართულებებით განხორციელდება: ამსტერდამი, ბერლინი, ერევანი, ვარშავა, ვენა, დუბაი, დოჰა, კიევი, აქთაუ, მინსკი, მიუნხენი, პარიზი, სტამბოლი და შარჯა.   

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 29 იანვარს განაცხადა, რომ ვაქცინირებული უცხოელი მოქალაქეები უპირობოდ შეძლებენ ქვეყანაში შემოსვლას, ხოლო ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ს, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის არავაქცინირებულ ვიზიტორებს ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა მოუწევთ.  

ამასთან, ვიზიტორები თვითიზოლაციის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში შემოსვლიდან მესამე დღეს PCR ტესტს ჩაიტარებენ, დასძინა მან.  

საქართველომ საკუთარი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან და ნეგატიური PCR ტესტი არ აქვთ, სავალდებულო თვითიზოლაციის პერიოდი 12-დან 8 დღემდე შეამცირა. ამავდროულად, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ არჩევანის უფლება, შემოვიდნენ ქვეყანაში უარყოფითი შედეგის მაჩვენებელი PCR ტესტით და 8 დღიან თვითიზოლაციაში გადაინაცვლონ, ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს, საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი PCR ტესტი ჩაიტარონ, რის შემდეგაც თვითიზოლაციის შეწყვეტის უფლება მიეცემათ.

თავდაპირველად, საქართველომ რეგულარული ფრენები ქვეყნიდან და ქვეყნის მიმართულებით 2020 წლის 21 მარტს შეაჩერა კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით. 2020 წლის აგვისტოში ხელისუფლებამ მიუნხენის, რიგის და პარიზის მიმართულებით ფრენები აღადგინა, ხოლო ნოემბერში ფრენები აღდგა ამსტერდამის, ვენის, ბერლინის და დოჰას მიმართულებით. ასევე ხორციელდებოდა ჩარტერული რეისები სტამბოლის, ათენის, ვარშავის, კიევის, მინსკის და თელ-ავივის მიმართულებით.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button