skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 29 დეკემბერს გამართულ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები ესწრებოდნენ, 82 ხმით არცერთის წინააღმდეგ, 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი კანონმდებლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გააცნო და დეპუტატებს ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის შემდეგი სამი მიმართულება წარუდგინა – პანდემიამდე არსებული ეკონომიკური პარამეტრები; პანდემიის გავლენა ეკონომიკასა და ფისკალურ მაჩვენებლებზე; მომდევნო წლების გამოწვევები.

მაჭავარიანის თქმით, 2020-2021 წლებში, ეკონომიკის შემცირების ხარჯზე, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების დანაკარგი 2.2 მლრდ ლარია, საბიუჯეტო დეფიციტი კი – მიმდინარე წელს მშპ-ის 9.1%-მდე გაიზარდა და 2021 წელს ის 7.6%-ზე დაბალ ნიშნულამდე ვერ შემცირდება. დეფიციტის ზრდის პარალელურად, მშპ-თან მიმართებით გაიზარდა მთავრობის ვალიც და ის 2021 წლისთვის 60%-იან ზღვარს სცდება.

მაჭავარიანმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, ტურიზმის სექტორზე პანდემიისგან მიყენებული ზიანი სავაჭრო ბალანსზეც აისახა და ის 700 მლნ დოლარით – 2 მლრდ დოლარამდე გაუარესდა. ფინანსთა მინისტრი მიმდინარე წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30%-იან შემცირებასაც პროგნოზირებს. აღნიშნულისა და სავაჭრო ბალანსის შემცირების გათვალისწინებით, სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს, ეკონომიკა 1.3 მლრდ დოლარს, მომდევნო წელს კი – 800 მლნ დოლარს დაკარგავს.

ფინანსთა ფინისტრმა, 2020-2021 წლების ანტიკრიზისულ გეგმაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ბიზნესის მხარდაჭერისთვის ჯამში 2.8 მლრდ ლარია გათვალისწინებული, 200 მლნ ლარი კი – მოქალაქეთა დახმარებისთვის.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 16.76 მლრდ ლარით განისაზღვრა, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 2.2 მლრდ ლარით აღემატება. 2021 წელს მთავრობა საგადასახოდ შემოსავლების სახით 10.34 მლრდ ლარის მობილიზებას გეგმავს, გრანტების სახით მისაღები შემოსავალი – 286.9 მლნ ლარით, სხვა შემოსავლები კი – 550 მლნ ლარით განისაზღვრა. გარდა ამისა, შემოსულობების ნაწილში, საგარეო კრედიტების სახით 5.28 მლრდ ლარის მოზიდვა იგეგმება. ამასთან, პრივატიზების გზით მთავრობა 150 მლნ ლარის მიღებას გეგმავს.

მომავალი წლის ბიუჯეტში, ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 4.3%-ით განისაზღვრა, რაც 2020 წლის საპროგნოზო მაჩვენებელზე 0.2%-ული პუნქტით ნაკლებია. 2022-2024 წლებში კი – ეკონომიკის საშუალოდ 5.5%-ის ფარგლებში ზრდაა პროგნოზირებული. ამასთან, ბიუჯეტის მიხედვით 2021 წელს ინფლაციის მაჩვენებელი 2.5%-ით განისაზღვრა.

მომავალი წლის ბიუჯეტში, საბიუჯეტო ასიგნებები ჯამში 18.38 მლრდ ლარით განისაზღვრა, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 4.06 მლრდ ლარით აღემატება.

სამინისტროებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებს შორის საბიუჯეტო ასიგნებები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 2020 წელთან შედარებით 1.2 მლრდ ლარით იზრდება და 5.56 მლრდ ლარი ხდება. აქედან 2.6 მლრდ ლარი მოქალაქეების საპენსიო უზრუნველყოფას მოხმარდება.
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის 2.37 მლრდ ლარია, რაც 2020 წლის გეგმას 300 მლნ ლარით აღემატება.
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება, წინა წელთან შედარებით, 136 მლნ ლარით – 1.80 მლრდ ლარამდე იზრდება.
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2021 წლის ბიუჯეტით 463.6 მლნ ლარს მიიღეს, რაც წინა წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ თანხას 110 მლნ ლარით აღემატება.
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გამოყოფილი დაფინანსება 2020 წელთან შედარებით 105.8 მლნ ლარით იზრდება და 469.8 მლნ ლარით განისაზღვრება.
  • ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტი 2020 წელთან შედარებით 4.1 მლნ ლარით მცირდება და 88,9 მლნ ლარს შეადგენს.
  • იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება 2020 წელთან შედარებით 22.5 მლნ ლარით იზრდება და 246.5 მლნ ლარს მიაღწევს.
  • საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილია 174.2 მლნ ლარი, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 15.2 მლნ ლარით აღემატება.
  • თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2020 წელთან შედარებით 20 მლნ ლარით იზრდება და 900 მლნ ლარს შეადგენს.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილია 790 მლნ ლარი, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 20 მლნ ლარით აჭარბებს.
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გათვალისწინებული თანხა წინა წლის იდენტური დარჩა და კვლავ 137.5 მლნ ლარით განისაზღვრა.
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსება 400 000-ით – 2.5 მლნ-მდე მცირდება.

2020 წელთან შედარებით, 500 000 ლარით იზრდება სახალხო დამცველის დაფინანსება, რომელიც 8.5 მლნ ლარს შეადგენს. 2020 წელთან შედარებით, 1 მლნ ლარით 9 მლნ-მდე იზრდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაფინანსებაც.

2020 წელთან შედარებით, უცვლელი – 64.7 მლნ ლარი დარჩა პარლამენტის დაფინანასება. გასულ წელთან შედარებით, 0.5 მლნ ლარით შემცირდა მთავრობის ადმინისტრაციის დაფინანსებაც და კვლავ 16 მლნ ლარით განისაზღვრა. უცვლელი – 50 მლნ ლარი დარჩა მთავრობის სარეზერვო ფონდი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება კი – 750 000 ლარით, 6.25 მლნ ლარამდე შემცირდა.

2020 წლის მსგავსად, 2021 წელს 4.25 მლნ ლარით განისაზღვრა საკონსტიტუციო სასამართლოს ბიუჯეტი. 0.5 მლნ ლარით – 12.5 მლნ ლარამდე იზრდება უზენაესი სასამართლოს ბიუჯეტი, საერთო სასამართლოების 2021 წლის ბიუჯეტი კი – 1.6 მლნ ლარით – 86 მლნ ლარამდე გაიზარდა.

2021 წელს, წინა წელთან შედარებით, 2.3 მლნ ლარით – 70.2 მლნ ლარამდე მცირდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება. 0.5 მლნ ლარით – 69.2 მლნ ლარამდე იზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებაც.

გასული წლების მსგავსად, 2021 წელსაც ბიუჯეტიდან 25 მლნ ლარს მიიღებს საქართველოს საპატრიარქო.

მთავრობა 2.8 მლრდ ლარს ვალების გასტუმრებაზე მიმართავს, საიდანაც 2.7 მლრდ ლარი საგარეო ვალის დაფინანსებას, 42.8 მლნ ლარი კი, საშინაო ვალის დაფინანსებას მოხმარდება.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button