ახალი ამბები

არასამთავრობოები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესში დაგეგმილ ცვლილებებზე

კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომელიც 40-მდე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი გააკრიტიკა, რომლის მიზანიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის მოწესრიგებაა და მას „პრობლემური“ უწოდა. კოალიციის შეფასებით, შემოთავაზებული წესი  „ფორმალურად ვერ უზრუნველყოფს ღია და გამჭვირვალე პროცესის ჩატარებას“.

7 დეკემბერს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, კანდიდატთა ინტერვიუებზე დროის ლიმიტის დაწესება და კითხვების თემების შეზღუდვა, როგორც ამას დადგენილების პროექტი ითვალისწინებს, საბჭოს წევრებს შერჩევის პროცესში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობას არ აძლევს.

„ჩნდება ეჭვი, რომ აღნიშნული ჩანაწერი მიზნად ისახავს კლანისათვის ლოიალური კანდიდატებისათვის უხერხული კითხვების არიდებას სასამართლოში არსებულ არაფორმალურ გავლენებსა და ზოგადად მართლმსაჯულების სისტემის მდგომარეობაზე“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

კოალიციამ ასევე აღნიშნა, რომ დადგენილების პროექტში არ არის პირდაპირი მითითება მოსმენების საჯარო ტრანსლირების აუცილებლობაზე. „მიგვაჩნია, რომ პროექტში უნდა აისახოს აღნიშნულის ვალდებულებაც, რათა შესრულდეს ორგანული კანონის მოთხოვნა პროცესის საჯაროობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კოალიციამ და დაამატა, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯაროობა, როგორც მიზანი ვერ შესრულდება პირდაპირი ტრანსლირების გარეშე“.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ასევე განაცხადეს, რომ დადგენილების პროექტი მოამზადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა, რომელიც ამჟამად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია. „შესაბამისად, სახეზე გვაქვს ვითარება, როდესაც კანდიდატი, რომელიც იმავდროულად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და კანონით ევალება ჩამოშორდეს შერჩევის პროცესს, თავად ამზადებს იმ წესებს, რომელიც მოგვიანებით გამოყენებულ უნდა იქნეს მასთან, როგორც კანდიდატთან მიმართებაში“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 20 ნოემბერს განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს ერთი მოსამართლის შერჩევის პროცესი დაიწყო.

2019 წლის პარლამენტმა 14 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა. ბოლო პერიოდში, მოსამართლეთა შერჩევის პროცესს ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა კრიტიკა არაერთხელ მოჰყვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button