skip to content
ახალი ამბები

IRI-მ წინასაარჩევნო ანგარიში გამოაქვეყნა 

„საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ (IRI) 29 ოქტომბერს თავისი ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის წინასაარჩევნო ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც კამპანიის დროს, მათ შორის, ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეზღუდული შესაძლებლობა, რომ კამპანიის დაფინანსების საკითხი გამოიძიოს და საკმაოდ პოლარიზებული მედიაგარემო იმ ძირითად ნაკლოვანებებს შორის დაასახელა, რომელთა მოგვარებაცაა საჭირო.

ანგარიში 30 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს და ის „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საარჩევნო პროცესების შეფასების პირველი დოკუმენტია.

ანგარიშში განხილულია მარნეულში ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების წარმომადგენელთა შორის მომხდარი დაპირისპირება. დოკუმენტის თანახმად, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის გეოგრაფიული მდებარეობა ქართული ოცნების ოფისთან ახლოს „ამცირებს ამომრჩევლის ნდობას საოლქო საარჩევნო კომისიის მიმართ და აღრმავებს პოლიტიკურ დაძაბულობას“.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ანალიტიკოსები დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრების მიმართ დაწყებულ გამოძიებაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც, „სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულია“.

ანგარიშის თანახმად, ორგანიზაციის ანალიტიკოსებმა მიიღეს ინფორმაცია ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენების შესახებ, როგორიცაა სამუშაო საათებში საჯარო მოხელეების ჩართულობა პოლიტიკურ კამპანიაში; სოციალური თუ სამედიცინო სერვისებისთვის პოლიტიკური განზომილების მინიჭება; სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენება.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე დაყრდნობით, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში არჩევნებთან დაკავშირებული 250-მდე საჩივარია წარდგენილი, თუმცა ეს საჩივრები სხვადასხვა ბიუროკრატიული უზუსტობების საბაბით ხშირად უგულვებელყოფილი იყო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 28 ოქტომბრის მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საარჩევნო კანონდარღვევის 72 შემთხვევას განიხილავდა. პროკურატურის გადაწყვეტილებით, „დღეისათვის, მხოლოდ ორი მათგანის შემთხვევაში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები და სამართლებრივი განხილვის საფუძველი“.

აღნიშნა რა, რომ დაუშვებელია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად იმ პირის დანიშვნა, რომელიც წინა საერთო არჩევნების დროს, პარტიის მიერ ნებისმიერი დონის საარჩევნო კომისიაში იყო დანიშნული, „საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ განაცხადა, რომ ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ერთი-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაიწერა 94 საჩივარი იმის თაობაზე, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის ზოგიერთი წევრი, რომელიც დანიშნული იყო პოლიტიკური პარტიის მიერ წინა საპარლამენტო არჩევნებზე, 2020 წლის აირჩიეს. ანგარიშის თანახმად, არცერთი ეს საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების დეკლარაციები „გაცილებით უფრო მაღალ თანხებს მოიცავდა, ვიდრე ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ჯამურად“. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ანალიტიკოსებმა „მიიღეს ანგარიშები პოლიტიკური პარტიების კანდიდატებისა და არასამთვრობო ორგანიზაციებისგან იმის თაობაზე, რომ არსებობს მჭიდრო კავშირი კონკრეტული კომპანიების ფართომასშტაბიან ტენდერებში გამარჯვებასა და მათ მიერ მმართველი პარტიისთვის გაწეულ შემოწირულებებს შორის“.

ანგარიში ყურადღებას ამახვილებს „დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე, რომლის თანახმადაც, პატრიოტთა ალიანსმა დაფინანსება მიიღო რუსეთის სადაზვერვო სამსახურთან დაკავშირებული წყაროებისა და მოსკოვში დაფუძნებული ორგანიზაციისგან და დასძენს, რომ მიუხედავად ოპოზიციის მოთხოვნისა, პროკურატურას ამ საქმეზე გამოძიება არ დაუწყია.

„რესპუბლიკური ინსტიტუტი“ მიესალმება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ორგანო ადამიანური რესურსების სიმცირით გამოირჩევა.

ანგარიშის თანახმად, „მედიასივრცე საქართველოში საკმაოდ პოლარიზებულია“ და „მჭიდროდაა დაკავშირებული წარსულ და ამჟამინდელ პოლიტიკურ აქტორებთან ან ბიზნესჯგუფებთან“. „სატელევიზიო მედია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ინფორმაციის მთავარი წყაროა, აღიქმება ხელისუფლების ან ოპოზიციის მხარდამჭერად“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ორგანიზაციის ანალიტიკოსების თქმით, „პოლიტიკური პარტიების უარი, მიიღონ მონაწილეობა სატელევიზიო დებატებში, ხელს უშლის მოსახლეობას, დაინახონ სრული სურათი და ყველა ხელმისაწვდომი პოლიტიკური არჩევანი, რაც მათ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში უშლით ხელს“.

ანგარიში აღნიშნავს, რომ 2020 წლის ივლისში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში“ შეტანილმა ცვლილებებმა საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიას სატელეკომუნიკაციო კომპანიებში „სპეციალური მმართველი“ დანიშვნის უფლება მიანიჭა. ეს გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასა სამოქალაქო საზოგადოებამ, როგორც „ზეგავლენის მოხდენის შესაძლო ბერკეტის არსებობა“. „თუმცა, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ აზრით, კომუნიკაციების კომისიის მხრიდან ჩარევა არ ყოფილა პრობლემური საკითხი წინასაარჩევნო პერიოდში“, – ნათქვამია დოკუმენტში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button