skip to content
ახალი ამბები

შსს-მ მარნეულში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების ცემის საქმეზე 2 პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა მარნეულში 29 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებისა და მათი თანმხლები პირის“ ცემის საქმეზე ორი პირი (გ.შ. და გ.ჯ.) დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებიდან ერთმა (გ.შ.-მ) საოლქო კომისიაში ნაციონალური მოძრაობის წევრს, ლაშა ქველაძეს, მის მამას – გივი ქველაძეს, რომელიც ამავე პარტიის შტაბის უფროსის მოადგილეა და ოჯახის კიდევ ერთ წევრს სიტყვიერი და ფიზიკული შეურაცხყოფა მიაყენა. მეორე ბრალდებულმა (გ.ჯ-მ) კი – დაპირისპირებისას გივი ქველაძეს სცემა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს და სასჯელის მაქსიმალურ ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ქველაძესა და მისი ოჯახის წევრებს მარნეულში 29 სექტემებრს სცემეს. თავად ქველაძე მედიასთან საუბარში ყვებოდა, რომ ისინი მანქანაში ისხდნენ, რა დროსაც მათ თავს დაახლოებით 100-მდე პირი დაესხა და „ფიზიკურად გაუსწორდა“.

მარნეულის ინციდენტზე შსს-ს მიერ ორი პირი დაკავებას, დღეს დაზარალებული ლაშა ქველაძე გამოეხმაურა და 29 სექტემბრის დაპირისპირების ხელმძღვანელი და ძალადობაში მონაწილე სხვა პირების, მათ შორის, მარნეულის საკრებულოს თავმდომარის, ამირან გიორგაძის დაკავებას მოითხოვა.

29 სექტემებრს მარნეულში ვითარება მთელი დღის განმავლობაში დაძაბული იყო. ადგილზე ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების აქტივისტები დაუპირისპირდნენ. მოვლენების გაშუქებისას, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელსაც სცემეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button