ახალი ამბები

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა არჩევნებისთვის 28 მოკლევადიან დამკვირვებელს გამოგზავნის

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის 28 მოკლევადიან დამკვირვებელს გამოგზავნის. დამკვირვებლებს ალბანელი პარლამენტარი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის მომხსენებელი, ელონა გჟებრეა ჰოჯა და ფინელი პარლამენტარი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის საკითხებში, პია კაუმა უხელმძღვანელებენ.

ასამბლეის განცხადების თანახმად, არჩევნების დღეს დამკვირვებლები კამპანიის მიმდინარეობას, სამართლებრივ ჩარჩოს, საარჩევნო ადმინისტრაციას, არჩევნების დღის პროცედურებსა და მედიაგარემოს დააკვირდებიან. საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია წინასწარი დასკვნების შესახებ განცხადებას 1 ნოემბერს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გააკეთებს.

პია კაუმამ ხაზი გაუსვა, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვან ფონს ქმნის მოახლოებული არჩევნებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები მშვიდობიანად და ორგანიზებულად ჩაივლის, რაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების დასტური იქნება.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოკლევადიანი დამკვირვებლები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ეუთო/ოდირის 27 გრძელვადიან დამკვირვებლებთან და 13 წევრიან ძირითად გუნდთან, რომლებიც უკვე საქართველოში იმყოფებიან, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლებთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button