skip to content
ახალი ამბები

ყარაბაღი: საქართველო უარყოფს სამხედრო ტვირთების გატარების შესახებ ცნობებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ 13 ოქტომბერს უარყო ინფორმაცია საქართველოს მიერ სამხედრო ტვირთების გატარების შესახებ და მას „ინფორმაციით მანიპულირება“ უწოდა.

მან საქართველოს ოფიციალური პირების მიერ ადრე გაკეთებული განცხადებები გაიმეორა და აღნიშნა, რომ ყარაბაღში ესკალაციის დაწყებისთანავე საქართველოს მხრიდან შეჩერდა სამხედრო დანიშნულების ტვირთების ტრანზიტი სახმელეთო და საჰაერო გზით, როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის მიმართულებით.

„საქართველოს ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, ფრენები, რომლებიც სრულდება საქართველოს საჰაერო სივრცეში, მხოლოდ ჰუმანიტარული და სამოქალაქო ხასიათისაა და სრულად შეესაბამება ICAO-ს სტანდარტებს“, – განაცხადა მან.

„მიუხედავად ამისა, საინფორმაციო საშუალებებში გააქტიურდა ინფორმაციით მანიპულირება, რომ თითქოსდა სამხედრო გადაზიდვები საქართველოს გავლით ხორციელდება სამოქალაქო ფრენების მეშვეობით“, – განაცხადა დარსალიამ და დასძინა, რომ კონკრეტული გადამზიდავისა და ტვირთის მფლობელის პასუხისმგებლობაა სრულად დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და არ გამოიყენოს ბოროტად ჰუმანიტარული დერეფნები.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, „საქართველო მოახდენს შესაბამის რეაგირებას და დამრღვევებს მოეთხოვებათ პასუხი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მათ შორის, ICAO-ს წინაშე“.

მანამდე, თბილისმა ასევე უარყო ინფორმაცია თურქეთიდან აზერბაიჯანის მიმართულებით საქართველოს გავლით სირიის მებრძოლთა გადაადგილების, ასევე აზერბაიჯანში სამხედრო ტვირთების გადაზიდვის თაობაზე.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან მიმართებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე დეტალებისთვის ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button