skip to content
ახალი ამბები

შსს სომხეთთან დამაკავშირებელი საერთაშორისო კაბელების დაზიანებას იძიებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 ოქტომბრის განცხადებით, ქვემო ქართლის რეგიონში „საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე“ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების დაზიანების ორ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია და მომხმარებლებს ინტერნეტი შეუფერხებლად მიეწოდებათ.

უწყების განცხადებით, პირველი ინციდენტის დროს, რომელიც 29 სექტემბერს ღამის საათებში მოხდა, შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის“ კუთვნილ, დმანისში სოფელ ოროზმანის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ კაბელების მანიშნებელ ბოძთან, ამ დრომდე დაუდგენელმა პირ(ებ)მა მიწა ამოიღო და მიწის სიღრმეში არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის კაბელები დააზიანა, გადაჭრა კომპანიის კუთვნილი, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე, შავი ზღვიდან შემომავალი, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი, ფოთი-თბილისი-ბოლნისი-დმანისი-სომხეთის მიმართულებით გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები.

რაც შეეხება მეორე ინციდენტს, რომელიც 28 სექტემბერს მოხდა, შსს-ს ცნობით, სოფელ სადახლოში წყლის არხზე გადამავალი „სილქნეტის” ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი დააზიანეს, რომლითაც ინტერნეტით ადგილობრივი მოსახლეობის უზრუნველყოფა ხდება და იგი ასევე უკავშირდება სომხეთის რესპუბლიკას.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მთიან ყარაბაღთან მიმართებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულებს:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button