skip to content
ახალი ამბები

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კოვიდ-19-ის მიმდინარეობის შესახებ მეოთხე ანგარიში გამოაქვეყნა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) 5 ოქტომბერს საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობის შესახებ მეოთხე ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტი საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და განხორციელებული ღონისძიებების მეოთხე შემაჯამებელ ანალიზს მოიცავს და მასში 30 სექტემბრის მდგომარეობით არსებული მონაცემებია წარმოდგენელი.

კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. 6 ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყანაში ვირუსის 9 245 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 4 887 ინფიცირებული უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 58 კი – გარდაიცვალა.

სქესობრივი, ასაკობრივი და ტერიტორიული განაწილების მახასიათებლები 

დოკუმენტის მიხედვით, 30 სექტემბერის მდგომარეობით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 6 640 შემთხვევა იყო დადასტურებული, მათ შორის, 51% იყო მამაკაცი, 49% კი – ქალი იყო.

ამასთან, ვირუსით ინფიცირებული ყველაზე ხანდაზმული პაციენტი 95 წლის, ყველაზე ახალგაზრდა კი – 1 თვის იყო. ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 51.5% – 30-59 ასაკობრივ ჯგუფში გამოვლინდა.

წინა კვლევის მსგავსად, კოვიდ-19-ის სიმპტომებიდან, ყველაზე ხშირად ახლაც გამოვლინდა – ცხელება (50.3%), ზოგადი სისუსტე (30.4%), ხველა (20.9%), ყელისა (16%) და თავის ტკივილები (14.1%,). უსიმპტომო შემთხვევების წილი კი – 36.2% იყო.

კვლევის თანახმად, თანმხლებ დაავადებებს შორის ყველაზე ხშირი იყო: ჰიპერტენზია (14.7), გულ-სისხლძარღვთა სხვა ავადმყოფობები (7%) და დიაბეტი (6.8%).

ამასთან, უმრავლეს შემთხვევაში (56.1%) პაციენტებში დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობდა, 34.7%-ის შემთხვევაში საშუალო სიმძიმის იყო, მძიმე პაციენტების წილი 7%-ს შეადგენდა, ხოლო კრიტიკული მდგომარეობა მხოლოდ 2.2%-ის შემთხვევაში გამოვლინდა.

კორონავირუსის გავრცელების მახასიათებლები

30 სექტემბრის მდგომარეობით, კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებელი, რომელიც დროის მოცემულ პერიოდში ავადობის სიხშირეს ზომავს, ყოველ 100 000 მოსახლეზე 178.6 იყო. ეს მაჩვენებელი წინა კვლევის მიხედვით, 19.0 იყო. ამასთან, 14-დღიანი კუმულაციური ინციდენტობა ქვეყანაში 100 000 მოსახლეზე 99.7-ს შეადგენდა. აქედან აჭარაში – 47.6, გურიაში – 6.2, თბილისში – 3.2, იმერეთში – 6.6, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში – 3.5.

ეფექტური რეპროდუქციის ინდექსი R ამ ანგარიშის წარმოდგენის პერიოდისთვის (1 ოქტომბერი) – 1.45 იყო. აღნიშნული იმის მაჩვენებელია, რომ ახლა ერთი დაინფიცირებული ადამიანი კორონავირუსს საშუალოდ ერთზე მეტ ადამიანს გადასდებს. 11 ივლისის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 0.93 იყო.

30 სექტემბრის მდგომარეობით, ლეტალურად დასრულებული შემთხვევების რაოდენობა 39-ს (0.59; 11 ივლისი – 1,5%) შეადგენდა.

დოკუმენტის მიხედვით, ყველა გარდაცვლილი პაციენტის შემთხვევაში დაავადების სიმძიმე იყო მძიმე ან კრიტიკული და ძირითად შემთხვევებში დაავადება გართულებული იყო პნევმონიით. აგრეთვე, გარდაცვლილთა 84.6%-ს აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, 58.9%-ს კარდიოვასკულური დაავადებები, 51.2%-ს ჰიპერტენზია, 23.1%-ს კი – დიაბეტი.

კოვიდ-19-ს საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელზე გავლენა არ ჰქონია. საქართველოში 2020 წლის პირველი 8 თვის პერიოდში გარდაცვლილ პირთა საერთო რაოდენობა 2018 წელთან შედარებით 2%-ით, 2019 წელთან შედარებით კი – 4%-ით ნაკლებია.

ტესტირების მიმოხილვა

30 იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში ქვეყანაში ჩატარებული PCR ტესტების რაოდენობა 648 736-ს, მათ შორის 642 541 – პირველადი. ტესტირებების 34% დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი ლაბორატორიების მიერ ჩატარდა.

ჩატარებული ტესტირებების რაოდენობით სექტემბრის თვე ლიდერობდა, როდესაც თვის განმავლობაში ჯამში 267 629, საშუალოდ დღეში კი – 8 921 ჩატარდა. ეს მაჩვენებელი ივლისის მონაცემთან შედარებით, ორჯერ მეტია. ივლისში დღეში საშუალოდ 3 883 ტესტი კეთდებოდა.

დოკუმენტის მიხედვით, PCR ტესტირების ე.წ. დადებითობის შედეგის სიხშირე პირველი დადასტურებული შემთხვევიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში 1.02%-ს შეადგენდა. დადებითობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 1.8% – სექტემბერში გამოვლინდა. დადასტურებული შემთხვევების 62.5% აჭარის რეგიონზე მოდის.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button