ახალი ამბები

რესპუბლიკელები ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ბლოკს უერთდებიან

15 სექტემბერს გამართულ ღონისძიებაზე ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „ევროპელი დემოკრატები“, პროგრესი და თავისუფლება“ – საარჩევნო ბლოკი შექმნა. ბლოკი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ოპოზიციური გაერთიანება – ძალა ერთობაშიას“ სახელწოდებით მიიღებს მონაწილეობას. 

თავის მხრივ, ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების წინ შეიქმნა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წინამძღოლობით ამჟამად 9 ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს.

„პირობას გაძლევთ, რომ ეს გაერთიანება, რომელიც 2018 წელს შეიქმნა გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწევს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმისთვის, რომ საქართველომ დაიბრუნოს თავისუფლება და დაბრუნდეს განვითარების გზაზე“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.  

„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარის ნიკა მაჭუტაძის აღნიშვნით, არჩევნებში ბლოკს საერთო სია და მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები ეყოლება.  

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ კი თქვა, რომ „პოლიტიკა არ არის არც სიძულვილი, არც ზიზღი, არც კომპლექსები და არც სიყვარული. პოლიტიკა არის პრინციპები, ღირებულებები და საერთო ინტერესები, იმისთვის, რომ განვითარდეს ჩვენი ქვეყანა.“

„რესპუბლიკელებმა გადავწყვიტეთ და დაემთხვა ჩვენი ინტერესები, გავერთიანდეთ საარჩევნო ბლოკში ნაციონალურ მოძრაობასთან – ძალა ერთობაშია, იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს ბიძინა ივანიშვილს… ჩვენ გავერთიანდით იმისთვის, რომ რესპუბლიკელებმა შევიტანოთ…ჩვენი წვლილი, რათა ამ არჩევნებზე ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს ახალი, ძლიერი კოალიციური მთავრობა იმისთვის, რომ დასრულდეს ბიძინა ივანიშვილის ჭაობი“, დასძინა სამნიძემ.  

„რესპუბლიკურმა პარტიამ“, რომელიც წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდა, პირველი სიმპათია ყოფილი მმართველი პარტიისადმი 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერით გამოხატა. რესპუბლიკელები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას კოალიცია ქართულ ოცნებაში შედიოდნენ. პარტია ქართული ოცნების უმრავლესობას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გამოეყო, არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღო და ამომრჩევლის ხმების მხოლოდ 1.55 % მოაგროვა. 

საარჩევნო ბლოკში შემავალი ერთ-ერთი პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ ქართული ოცნების მოქმედმა მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა და ბიზნესმენმა ძმებმა – ცეზარ და ლაშა ჩოჩელებმა 10 აგვისტოს დააფუძნეს. კახა ოქრიაშვილი ერთ-ერთი იყო ქართული ოცნების იმ ე.წ. „ამბოხებულ მაჟორიტართა“ შორის, რომელთაც 2019 წლის ნოემბერში სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები ჩააგდეს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button