skip to content
არჩევნები 2018ახალი ამბები

რესპუბლიკური პარტია გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიას უერთდება

რესპუბლიკური პარტია ძალა ერთობაშიას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერას გაერთიანებული ოპოზიციის ძალა ერთობაშიას საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძეს უცხადებს და მის წინასაარჩევნო კამპანიაში ერთვება.

ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა დღეს ძალა ერთობაშიას საარჩევნო შტაბში გამართული კონსულტაციების შემდეგ ისაუბრეს. პარტიის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებში ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვოს და სისტემის წინააღმდეგ გადაიდგას ნაბიჯები. მანვე სხვა ოპოზიციურ პარტიებს მეორე ტურთან დაკავშირებით, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.

„ის პარტიები, რომელსაც ვერ აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი და ვინც ფიქრობს, რომ არ აღმოჩნდეს ერთი პარტიის ხელში მთელი ქვეყანა, დღეს უნდა დადგნენ ერთად და განაცხადონ, რომელ მხარეს არიან, რას ელიან ამ ქვეყნისგან და როგორ პასუხობენ საზოგადოების მოთხოვნებს“, – აღნიშნა მან.

გაერთიანებულ ოპოზიციასთან შეხვედარზე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და ყოფილი ხელისუფლების აქტიური ოპონენტი ლევან ბერძენიშვილიც იმყოფებოდა. ჟურნალისტებთან საუბრისას, მან განაცხადა, რომ შეხვედრაზე ის საკითხები განიხილეს, რომელიც „საერთო ინტერესის საგანს“ წარმოადგენს.

„ვიტყვი, რომ მას [ვაშაძეს], როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს რესპუბლიკური პარტია იმ რესურსებით, რაც მას აქვს უჭერს მხარს“, – აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა. მისივე თქმით, შეხვედრაზე გაერთიანებულ ოპოზიციასთან „სხვა სახის კავშირზე“ საუბარი არ ჰქონიათ.

ბერძენიშვილის შეფასებით, მეორე ტური „იოლი არ იქნება“, თუმცა ოპოზიციის კანდიდატი „აუცილებლად გაიმარჯვებს და ბატონი გრიგოლ ვაშაძე გახდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი“. მანვე განმარტა, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ არჩევანი სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის უნდა გააკეთოს, რადგან „ყველა სხვა გადაწყვეტილება არის კრახი პოლიტიკური“, ხოლო პარტია, რომელიც ამ არჩევანს ვერ გააკეთებს „ფაქტობრივად თვითგანადგურების გზას ადგას“.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან ძალა ერთობაშიას საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემაც ისაუბრა. მან რესპუბლიკურ პარტიას და მის ლიდერებს გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა აღნიშნა, რომ „ეს მორალურ და ინტელექტუალურ წვლილს შემოიტანს ჩვენს კამპანიაში“.

„ჩვენ ისეთი საკითხები განვიხილეთ სადაც გვაქვს თანხვედრა და არავითარი განსხვავებები არა გვაქვს – ეს არის ევროპული ინტეგრაცია, ატლანტიკური ინტეგრაცია, სასამართლოს გადაუდებელი რეფორმა და ეს არის შეწყალება და ამნისტია იმ ადამიანების, რომლებიც ციხეში იმყოფებიან ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე განმარტებით, რესპუბლიკური პარტია და გაერთიანებული ოპოზიცია თანხმდება იმაზე, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი „აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული იმ სისტემის დემონტაჟისთვის, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ ბადებს ერთპიროვნულ ან ერთპარტიულ მმართველობას“. „ეს არის ჩვენი ბოლო შანსი“, – დასძინა მანვე.

საპრეზიდენტო კანდიდატმა განმარტა, რომ რესპუბლიკურ პარტიას უზარმაზარი გამოცდილება აქვს სხვადასხვა მიმართულებით, რაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათთვის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იქნება.

რესპუბლიკური პარტია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთი წევრი იყო. პარტია გაერთიანებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გამოეყო, არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღო და ამომრჩევლის ხმების მხოლოდ 1.55 % მოაგროვა.

მას შემდეგ, რაც პარტიამ საპარლამენტო მანდატები ვერ მოიპოვა, მისი რიგები რამდენიმე ლიდერმა დატოვა, მათ შორის, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელმაც მოგვიანებით საკუთარი პოლიტიკური პარტია – „შენების მოძრაობა“ ჩამოაყალიბა.

რესპუბლიკურმა პარტიამ 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ხმების 0.74% მიიღო (11 121 ხმა).

2007 წლიდან რესპუბლიკური პარტია ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის (ALDE) სრულუფლებიანი წევრია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button