Placeholder canvas
ევროპის მოამბე

ევროპის მოამბე – 15 სექტემბერი


🇪🇺🇨🇳 გუშინ დაგეგმილი ტელეკონფერენცია გაუმართავთ ევროკავშირის მეთაურებს ჩინეთის პრეზიდენტთან. ბევრ რამეზე უსაუბრიათ, ვაჭრობა და აღებ-მიცემობა კი მთავარი კერძი ყოფილა ამ საუბარში. ევროპელებს სურთ, ჩინეთმა ბიოტექტნოლოგიების და ციფრულ სფეროებში ფულის ჩასადებად ბარიერები შეუმსუბუქოთ. ჩინეთს, ბუნებრივია, მათი ტელეკომუნიკაციების ფირმების ევროპულ ბაზარზე შემოსვლა სწადია. ყველა სიკეთესთან ერთად, საკმაოდ მტკიცედ და მკვეთრად უსაუბრია ევროპული საბჭოს თავკაც შარლ მიშელს ადამიანის უფლებების სავალალო ვითარებაზე ჩინეთში. ჟურნალისტები ამბობენ, ეგება დისტანციურად უფრო ადვილი გამოდგა რთულ თემებზე მიკიბ-მოკიბვის გარეშე ლაპარაკიო. ამასობაში, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ჩინელი პრეზიდენტისთვის უთქვამს – ჩვენ სამს კი გვესაუბრები, მაგრამ ჩვენი სახით ევროკავშირის სხვა ლიდერებსაც ელაპარაკები, რადგანაც ჩვენი სათქმელი მათთანაც შევაჯერეთო. ასეა, ყბადაღებული “ერთიანი საგარეო პოლიტიკის” შენობა აგურ-აგურ ითხოვს შენებას…

🇪🇺🇬🇷 მას შემდეგ, რაც საბერძნეთში გაჩენილმა ხანძარმა ერთ-ერთი უდიდესი, მორიას ლტოლვილთა ბანაკი გაასწორა მიწასთან, ევროკავშირმა ყურები გამოიფხიკა და მიგრაციის პრობლემას უფრო სერიოზულად მიუდგა თურმე. გადაუწყვეტიათ, ამ თემაზე დაგეგმილზე ადრე, მომავალ კვირაში ისაუბრონ, რათა მიგრანტების მიმართ ერთიანი მიდგომა ჩამოყალიბდეს და არაადამიანურ პირობებში მათ ყოფნას ბოლო მოეღოს. გერმანიისა და ევროკავშირის დახმარებით, საბერძნეთი შემომსვლელების მიღებისა და რეგისტრაციის ახალ ცენტრს აშენებს. მთავრობის გერმანელი და ბერძენი მეთაურები დათანხმებულან, ეს საქმე მარტო საბერძნეთის თავისტკივილი არ უნდა იყოსო. ორი რამ დავასკვნათ ამ ამბიდან – ჯერ ერთი, რომ დანაშაულის გრძნობა თუ გაალღობს ევროპელი პოლიტიკოსების გულსა და უბიძგებს ევროპელ ბიუროკრატებს მოქმედებისკენ. მერე მეორეც – იშვიათია ქალბატონ მერკელის გარეშე ევროპაში საქმე კეთდებოდეს.

◻️🟥◻️ დანაშაულის გრძნობა ვახსენეთ და ბევრი ევროპელი ლიდერი ვერ იშორებს აბეზარ გრძნობას, რომ ბელარუსი მოქალაქეები ბედის ანაბარა ჰყავთ მიგდებული, არადა რა გინდა რომ ქნა?! ევროპის სახალხო პარტიის ლიდერს, მანფრედ ვებერს ევროპარლამენტის თავმჯდომარისათვის შეუთვლია, ჩვენ ბელარუსი ხალხის წარმომადგენლად აწი ოპოზიციურ საკოორდინაციო საბჭოსა ვთვლით და ეგებ ბელარუსიის შემოხიზნული ლიდერები, მათ შორის სვეტლანა ტიხანოუსკაია ევროპარლამენტის სხდომაზე დავპატიჟოთო. თუკი ეს ამბავი მოხდა, მართლაც არ იქნება ურიგო ჟესტი… არადა, ლუკაშენკოს მთავრობის საქციების საკითხი თურმე ბერძნულ-თურქულ კინკლაობაში გაიჭედა. ათენი და ნიქოზია ამბობენ, სანამ თურქეთს არ დაადებთ სანქციებს, ბელარუსზე ხმას არ მოგცემთო. თანაც უმატებენ, ეს ორი საკითხი ერთმანეთთან რომ არაფერ შუაშია, კი ვიცით, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვსო…

🇧🇾🇷🇺 ამასობაში ბატონო ლუკაშენკო ვლადიმირ პუტინს ჩაუვარდა მუხლებში, მიშველე ბაბაია, ვიღუპებიო. სოჭიდან გავრცელებულ სურათებში ვლადიმირ დიდი ისეთი გულგრილი სახითა და მორჭმით შემომსხდარა ტახტზე, მონომახის ქუდი და მძიმე კვერთხიღა აკლია რეპინის ფერწერის ნიმუშად რომ წარმოვიდგინოთ. აბეზარ ქვეშემვრდომს პუტინმა ხალათი… ანუ 1.5 მილიარდი დოლარის სესხი უბოძა. არც ამ შეხვედრაზე დამსწრეთ და არც დამკვირვებლებს ეჭვიც არ ეპარებათ რომ სულ ცხვირში ძმრად ადენს… თავად ლუკაშენკომაც რა ქნას, ისეთ დღეშია, ცდილობს მომავალი კვირა როგორმე გადააგოროს და მერე თუ მოიმაგრა ზურგი, ალბათ როგორღაც შეეცდება ჩვეული ფანდით დაუძვრეს უფროსი ძმის მომგუდავ მკლავებს…

🇺🇸🇷🇺 ფრიად საჩოთირო ამბავი დამართნია აშშ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელახალი არჩევის მხარდამჭერ ორგანიზაციას “დავიბრუნოთ ამერიკის დიდება” – მხარდამჭერებისთვის სარეკლამო პლაკატი დაუგზავნიათ ინტერნეტით, რომელზეც სამი ჯარისკაცის სილუეტია გამოსახული და “ჩვენს ბიჭებს მხარი დაუჭირეთო” აწერია… სამხედრო პატრიოტიზმის ქადაგება არჩევნებისას არახალია და ყურსაც არავინ შეიბერტყავდა, ოღონდაც ინტერნეტის ჭიების თვალს რას გამოაპარებ?! თურმე ჯარისკაცების თავზე გამოსახული მრისხანე შემტევი თვითმფრინავები…. რუსული აღმოჩნდა. 11 სექტემბერს ამაზე უარესი შეცდომის დაშვება ალბათ რთული იქნებოდა და უწევს ახლა ტრამპის გუნდს თავის მართლება, იაღლიში ვის არ მოსვლია, ეშმაკმაც დალახვროს სურათების საძებნი ინტერნეტ-პროგრამებიო….

მსგავსი/Related

Back to top button