skip to content
ახალი ამბები

ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციამ არჩევნებისთვის ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი

ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა 14 სექტემბერს, ურთიერთბრალდებების ფონზე, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს ცალ-ცალკე მოაწერეს ხელი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, ქცევის კოდექსი, რომელიც შვეიცარიის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერით შემუშავდა, არის „ნებაყოფლობითი ეთიკის ნორმები, რომელთა მიზანია დემოკრატიული ღირებულებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა; საგნობრივი, პროგრამაზე ორიენტირებული, ინკლუზიური საარჩევნო კამპანიის წარმოება, რომელშიც უზრუნველყოფილია თანაბარი შესაძლებლობები საარჩევნო პროცესის მონაწილეთათვის“.

ქცევის კოდექსის თანახმად, პოლიტიკური პარტიები სხვადასხვა პრინციპზე, მათ შორის, ღირსეულ და სამართლიან კონკურენციაზე, ამომრჩეველთა უფლებების პატივისცემაზე, ასევე კოდექსის შესრულებასა და მონიტორინგზე თანხმდებიან.

კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, აღიარონ კანონის უზენაესობა, იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციის, დემოკრატიული მმართველობის პრინციპებისა და საზოგადოების ინტერესების დაცვით. პარტიები პირობას დებენ, რომ პატივს სცემენ და დაიცავენ ამომრჩეველთა, კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების უფლებებს, სიძულვილის ენის გამოყენების ან დისკრიმინაციის გარეშე. მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ მშვიდობიანად წარმართავენ ინკლუზიურ და წარმომადგენლობით საარჩევნო პროცესს, რომელშიც უზრუნველყოფილია თანაბარი შესაძლებლობები ყველა ამომრჩევლისა და საარჩევნო პროცესის სხვა მონაწილეებისთვის.

კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან, რომ პატივი სცენ კონკურენტ პოლიტიკურ პარტიებს და კანდიდატებს, ხელი არ შეუშალონ ერთმანეთის კამპანიებს არც უშუალოდ და არც დაქირავებული მესამე პირების მეშვეობით, ე.წ. „ბოტების“ გამოყენებით.

კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, პარტიები თანხმდებიან, ამომრჩეველს მიეცეს ინფორმირებული და თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ყოველგვარი შეზღუდვის ან/და შევიწროების გარეშე. პარტიები ასევე თანხმდებიან, რომ ზედმიწევნით დაიცავენ სოციალურ დისტანციას და კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ შესაბამის რეკომენდაციებს, ასევე თავს შეიკავებენ ამომრჩეველთა მოსყიდვისგან.

მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ დანერგავენ და გამოიყენებენ ქცევის კოდექსს პარტიის სტრუქტურაში, რეგიონულ ორგანიზაციებსა და ყოველდღიურ საქმიანობაში, ასევე თანხმდებიან, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და მედია ჯგუფები დააკვირდნენ და შეაფასონ პარტიების მიერ კოდექსით აღებული ვალდებულებების შესრულება.
ოპოზიციურმა პარტიებმა კოდექსს ლეიბორისტული პარტიის ოფისში ერთად მოაწერეს ხელი. ქვემოთ მოცემულია იმ პარტიების სია, რომელთაც, 14 სექტემბრის მდგომარეობით, კოდექსს ხელი მოაწერეს:

• ქართული ოცნება
• გამარჯვებული საქართველო
• თავისუფალი დემოკრატები
• ქრისტიან-კონსერვატიული პარტია
• გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი
• თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა
• ახალი ქრისტიან-დემოკრატები
• ლეიბორისტული პარტია
• რესპუბლიკური პარტია
• მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისთვის
• ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
• ევროპული დემოკრატები
• ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
• ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი
• დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო
• ევროპული საქართველო
• სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის
• სამართლიანობისთვის
• ლელო საქართველოსთვის
• ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button