Placeholder canvas
ახალი ამბები

NDI საზოგადოებრივი განწყობის კვლევას აქვეყნებს

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 14 სექტემბერს, არჩევნებამდე დაახლოებით 6 კვირით ადრე გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ქართველებისთვის ყველაზე საჭირბოროტო საკითხებად ისევ ეკონომიკური პრობლემები რჩება, მოსახლეობის მნიშვნელოვნად გაზრდილი წილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

კერძოდ, კითხვაზე, თუ რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, გამოკითხულთა 39% პასუხობს, რომ სწორი მიმართულებით (19 პროცენტული პუნქტით მეტი 2019 წლის ნოემბრის მაჩვენებელთან შედარებით), 32% ამბობს, რომ არასწორი მიმართულებით (ნოემბერში: 53%), ხოლო 20%-ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება (ნოემბერში: 24%).

აღნიშნული კვლევა NDI-სთვის დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით CRRC-საქართველომ  ჩაატარა. გამოკითხვა ჩატარდა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). პანდემიის გამო, წინა მსგავსი კვლევებისგან განსხვავებით, ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით, პირისპირ ინტერვიუების ნაცვლად.

რაც შეეხება დემოკრატიის მდგომარეობას, რესპონდენტთა 48% მიიჩნევს, რომ საქართველო ამჟამად დემოკრატია არის, რაც 2019 წლის ნოემბრის მაჩვენებელთან შედარებით (33%) მნიშვნელოვნად გაზრდილი წილია. ასევე, გასული წლის ნოემბერთან (57%) შედარებით, საკმაოდ შემცირდა იმ პირთა წილი, ვინც თვლის, რომ საქართველო ამჟამად არ არის დემოკრატია (37%).

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები

კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა – 88% – ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, თუმცა 59%-ს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას.

კითხვაზე, თუ რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, რესპონდენტთა 40% ამბობს, რომ არ იცის, 24% პასუხზე უარს აცხადებს, 17% მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, ასახელებს, 9% არცერთ პარტიას არ უჭერს მხარს, 5% – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ირჩევს, ხოლო დანარჩენი პარტიები ჯამში 5%-მა დაასახელა. როგორც კვლევაშია აღნიშნული, „ინდივიდუალური პარტიების მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.“

“გადაუწყვეტელი მოქალაქეების ასეთი სიმრავლე პარტიებისთვის ერთდროულად გამოწვევას და შესაძლებლობას წარმოადგენს. კანდიდატებს დიდი ძალისხმევის გაწევა მოუწევთ, რათა მოქალაქეებისთვის პრობლემების გადაჭრის გზების შეთავაზება და ამით მათი შთაგონება და მოტივირება მოასწრონ.” – განაცხადა ალან გილამმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა.

მოსახლეობის უმეტესობა (56%) დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება, თუმცა გარკვეული გამოწვევები, გამოკითხულთა აზრით, მაინც რჩება. მაგალითად, ქართველთა დაახლოებით ერთი მესამედი (30%) აცხადებს, რომ ამომრჩევლების მოსყიდვა არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს.

საარჩევნო გადაწყვეტილების მიღებისას ქართველთა 36%-ისთვის პარტიის ეკონომიკური პოლიტიკაა ყველაზე მნიშვნელოვანი, მას მოსდევს პარტიის პოზიცია ჯანდაცვასთან დაკავშირებით (12%) და პოზიცია კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით (12%). პარტიის პოზიციას ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვნად გამოკითხულთა 10% მიიჩნევს, განათლებასთან დაკავშირებით – 7%, ხოლო საგარეო საკითხებთან დაკავშირებით – 5%.

ეროვნული და ადგილობრივი დონის საკითხები

მოსახლეობის 49% ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნული დონის საკითხად სამუშაო ადგილებს ასახელებს, 39% – სიღარიბეს,  28% კი – ტერიტორიულ მთლიანობას. ფასების ზრდას/ინფლაციას ყველაზე მნიშვნელოვნად რესპონდენტთა 20% მიიჩნევს, განათლებას – 13%, ხოლო პენსიებს – ასევე 13%.

გამოკითხულთა 67%-ის აზრით, საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა, ამავე კითხვაზე 33% ფასების ზრდას/ინფლაციას პასუხობს, 22% – სიღარიბეს, 20% – დაბალ ხელფასებს, 18% – ლარის გაუფასურებას, 11% – მაღალ გადასახადებს, 10% – კორანავირუსს, ხოლო 6% – საზღვრების ჩაკეტვას.

ადგილობრივ დონეზე ქართველთათვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად მიიჩნევა გზები (31%), წყლით მომარაგება (22%), გარემოს დაბინძურება (13%), საგზაო მოძრაობა (13%), პარკები და გამწვანება (12%) და საზოგადოებრივი ტრანსპორტი (10%).

რაც შეეხება კერძოდ დედაქალაქს, აქ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებად საგზაო მოძრაობა (31%), გზები (23%) და გარემოს დაბინძურება (22%) დასახელდა, მათ მოსდევს პარკები და გამწვანება (20%) და საზოგადოებრივი ტრანსპორტი (17%). სასოფლო დასახლებებში მაცხოვრებელთათვის კი წყლით მომარაგება (41%) და გზები (40%) მიიჩნევა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად.

ამ მხრივ, გამოკითხულთა 88% იზიარებს მოსაზრებას, რომ „გარემოს დაცვა და ჰაერის დაბინძურების შემცირება მნიშვნელოვანია, მაშინაც კი, თუ ეს ბიზნესებისთვის და ადამიანებისთვის უფრო მკაცრი რეგულაციების და წესების დაწესებას მოითხოვს.“ ასევე, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ყველაზე მწვავე საკითხების შესახებ შეკითხვაზე თბილისელთა 75%-მა ჰაერის დაბინძურება დაასახელა, ხოლო 18%-მა – საკვების უსაფრთხოება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button