ანალიზი

კონფლიქტი რუსეთთან: ოფიციალური მონათხრობის მემკვიდრეობითობა და რღვევა

დღევანდელი საარჩევნო სისტემა და მიმდინარე პოლიტიკური მომენტი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტმა და ამას მოყოლილმა მწვავე პოლიტიკურმა კრიზისმა განაპირობა. შესაბამისად, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის[1] თემატიკა და ზოგადად რუსეთის ფაქტორი 2020 წლის საარჩევნო კამპანიის განუყოფელი და ცენტრალური ნაწილი იქნება.  რა  და როგორ იცვლებოდა თბილისის ოფიციალური პოზიციაში ამ თემაზე? 


ავტორი: გიორგი ფანიაშვილი 11 წელია დიპლომატიურ სამსახურშია. წინამდებარე წერილი მის პირად აზრს გამოხატავს.


ოფიციალური თბილისის მონათხრობის ცვლილება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით მოქალაქეებისათვის და საერთაშორისო პარტნიორებისათვის შესამჩნევი საარჩევნო კამპანიისას მიმდინარე პოლიტიკური კონფრონტაციისა და პოლემიკის სახით ხდება ხოლმე.

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი მიმდინარე, დინამიური პროცესია და დღემდე მას რამდენიმე ფაზა ჰქონდა, რომელიც დროში  ემთხვეოდა ქართული სახელმწიფოსა და პოლიტიკური სისტემის განვითარების სხვადასხვა ეტაპს, შესაბამისად, ოფიციალური თბილისის მონათხრობიც დროდადრო იცვლებოდა: ჩნდებოდა ახალი ალეგორიები და ეპითეტები, იხვეწებოდა შეფასებები, ტონალობა და აქცენტები.

პირობითად, შეგვიძლია გამოვყოთ სამი ოფიციალური ტონი: „ორი რუსეთის“, „საუკუნო მტრობის“ და „ბაბაიას დაძახებისა“, რომელთაც თავ-თავიანთი ლექსიკური ველი, სიმბოლოები, დამოკიდებულება და მოთხოვნები ახასიათებს.

„ორი რუსეთის“ რიტორიკა ოფიციალურად გაბატონებული იყო 1990-იანი წლების ბოლოს, ედუარდ შევარდნაძის ადმინისტრაციის მმართველობისას. მისი მთავარი თეზისი კონსტრუქციული, მეგობრული მთავარი, პოლიტიკური რუსეთისა და რევანშისტულ-იმპერიული სამხედრო ესტაბლიშმენტის თანაარსებობა და კონკურენცია იყო. ოფიციალურად, რუსეთი არ მიიჩნეოდა კონფლიქტის მხარედ, პოლიტიკურად შუამავლის სტატუსი ქონდა, ხოლო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო ძალები ჰყავდა განლაგებული.

ამ პერიოდში ქართული ოფიციოზი იყენებს ისეთ ცნებებსა და კატეგორიებს, როგორიც არის სეპარატიზმი, ექსტრემიზმი, ცისფერჩაფხუტიანები, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, სტაბილურობა, დევნილების დაბრუნების აუცილებლობა. ოფიციალური თბილისის მონათხრობი მოზომილია. სამაგიეროდ, ოპოზიცია ხშირად უწოდებს რუსეთს აგრესორსა ან ოკუპანტს.

„საუკუნო მტრობის“ თეზისი ეროვნული მოძრაობის წიაღში 1980-იანი წლების ბოლოდან არსებობს, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ იკრებს ძალასა და ლეგიტიმურობას და 90-იანი წლების დასაწყისში, ზვიად გამსახურდიას დროს გაბატონებული ხდება. მისი არსი ისაა, რომ რუსეთი გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევის მომენტიდან მაინც მუდმივად და განუხრელად მტრულია ქართული სახელმწიფოებრიობისადმი და მასთან კომპრომისი პრინციპულად შეუძლებელია. ეს თეზა ქართულ პოლიტიკაში ნელ-ნელა ბრუნდება 2003 წლის ვარდების რევოლუციით მოსული ადმინისტრაციის განმტკიცების კვალდაკვალ და 2005 წლისათვის გაბატონებულ ოფიციალურ რიტორიკად იქცევა. თუმცა, განსხვავებით 90-იანი წლებისაგან, ის საკუთარ შესაძლებლობებში ახლად მოპოვებულ თვითდაჯერებულობას ემყარება. ისეთი აქცენტები, როგორებიცაა „ახალი წლის შეხვედრა ცხინვალში“, ღვინის მაგივრად ფეკალიების გაგზავნა რუსეთში, „განბაჟუიწე ი უეზჟაიწე”, „გამარჯობა აფხაზეთო შენი“, „საქართველოს ყველაზე ლამაზი ქალაქი არის სოხუმი“ და ა.შ.  კონფრონტაციულ ხასიათს ატარებს. 2005-08 წლების ოფიციალური დისკურსი საბოლოოდ კარგავს გაწონასწორებულობას, შეინიშნება ქედმაღლობა, სულსწრაფობა და ყოყმანით გამოწვეული არითმია.

ამგვარი მიდგომის დრამატურგიული კულმინაცია იყო სამხედრო ჯაშუშების ხმაურიანი შეპყრობა და რუსეთისათვის მათი კიდევ უფრო ხმაურიანი გადაცემა, ხოლო მოგვიანებით, ენგურის სიახლოვეს მყოფი რუსი შეიარაღებული სამხედროების დემონსტრაციული განდევნა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ამ თეზისის კიდევ ერთ დადასტურებად მოიაზრება. რეალობას ასახავს და ოფიციალურ დისკურსში მკვიდრდება ისეთი სამართლებრივი ტერმინები, როგორიც არის ოკუპაცია, ანექსია, საოკუპაციო ხაზი და უკანონო ბორდერიზაცია. ამასთან, საერთაშორისო არენაზე თბილისი პირველად ცენტრალურ თემად ამკვიდრებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემას. 2008-12 წლებში რუსეთთან ყოვლისმომცველი, სამკვდრო-სასიცოცხლო კონფლიქტის თემა ბატონობს. ვლადიმერ პუტინთან ბრძოლა გაჩაღებულია, როგორც თელავში, ისე ყვარლის ტბასა და ქუთაისის ქუჩებში.

უკვე 2012 წლის ბოლოდან, ახალი ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის ერთ-ერთი მთავარი საგარეო-პოლიტიკური ლაიტმოტივია „ბაბაიას დაძახების“, იმავე „არგაღიზიანების“ ძველი დისკურსის აღზევება. გაბატონებული რეგიონული ძალისადმი ასეთი დამოკიდებულება, ალბათ მხოლოდ რუსეთთან დამოკიდებულებით ვერ აიხსნება და უფრო ღრმა ფესვები აქვს. მისი მთავარი თეზისი ისაა, რომ ძალთა არასახარბიელო ბალანსის პირობებში ყველაზე პრაგმატულია რუსეთთან შეგუება, მისი თამაშის პირობების აღიარება და უკვე ამ შეზღუდულ ფარგლებში ეკონომიკური სარგებლის მიღებასთან ერთად საკუთარი სიმბოლური დამოუკიდებლობის დაცვა.

დაპირისპირებულთა წინააღმდეგობა და ერთიანობა

ბუნებრივია, რომ ასეთ საკვანძო თემაზე პოლიტიკური კონკურენტები ერთმანეთისაგან განსხვავებას უსვამდნენ ხაზს. თუმცაღა თუკი ყურადღებით დავუკვირდებით და მედიის მოწინავე სტატიებისა და ოფიციალური განცხადებების მიღმაც შევიხედავთ, ვნახავთ, რომ წინააღმდეგობრიობის მიუხედავად, რუსეთთან არსებული კონფლიქტის თემაზე ოფიციალურ რიტორიკას მემკვიდრეობითობაც ჭარბად ახასიათებს. კონკრეტულ ადმინისტრაციებთან პოლიტიკის მთავარი ხაზის გაიგივება შესაძლოა ზოგადად სწორი იყოს, ოღონდ საგარეო-პოლიტიკურ პრაქტიკაში საქართველოს პოლიტიკას მეტი ნიუანსი ახასიათებდა.

რეალურად სამივე: „ორი რუსეთის“, „საუკუნო მტრობისა“ და „ბაბაიას დაძახების“ პოლიტიკა საზოგადოებრივ აზროვნებაში წარმატებით თანაარსებობს. ხოლო ოფიციალურ პოლიტიკაში ერთ-ერთი ხაზის დომინირება არ ნიშნავდა არც სხვა ხაზების უგულვებელყოფასა და – რაც მთავარია – არც ეროვნული ინტერესების დაცვაზე უარს.

„ორი რუსეთის“ დოქტრინის დომინირების მიუხედავად, სწორედ 1990-იანი წლების ბოლოს ჩაეყარა საფუძველი იმ თავდაჯერებულობას, რომელიც „საუკუნო მტრობის“ დოქტრინის გაბატონებით დასრულდა. 1990-იანი წლების ბოლოს ოფიციალური თბილისი პირველად აყენებს ეთნოწმენდის საკითხს და ცდილობს მიაღწიოს მის დაგმობას საერთაშორისო ორგანიზაციებში. 1999 წლის სტამბოლის შეთანხმებით რუსეთი იღებს საქართველოდან ბაზების გაყვანის ვალდებულებას. 2001 წელს მიიღება გადაწყვეტილება, 2002 წლიდან კი იწყება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის განხორციელება. ამავე წლიდან აშშ იწყებს ქართული არმიის „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამას.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2003 წლის შემდეგ მოსულ ადმინისტრაციას საქმიანობა რუსეთთან კონფრონტაციით არ დაუწყია. პირიქით, წინა ხელისუფლების გასტუმრებაში მოსკოვმა კონსტრუქციული როლი ითამაშა, ხოლო აჭარის მოვლენებისას გაღიზიანებით, მაგრამ მაინც დაჰყვა „ახალ რეალობას“. „ბაბაიას დაძახების“ ოფიციალურ მცდელობად შეგვიძლია აღვიქვათ სააკაშვილის მიერ დამოუკიდებლობის დღის პირველი აღლუმისას რუსეთისადმი „გაწვდილი მეგობრობის ხელიც“, ხოლო ომის მიუხედავად რუსი ტურისტების თავისუფალი მგზავრობის შენარჩუნება „ორი რუსეთის“ დოქტრინის ერთგვარი გადამღერებად მოჩანს.

სასწავლი გაკვეთილი?

ის, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ირგვლივ ჩვენს საზოგადოებაში ღია და ცხარე დისკუსია მიდის, ჩვენი პოლიტიკური სისტემის შედარებით ღიაობაზე, დინამიურობასა და არაერთფეროვნებზე მიუთითებს. ისიც რომ კონფლიქტის ირგვლივ პერიოდულად ისმის შეკითხვები, ჩნდება ეჭვები და განახლებული შეფასებები, განიხილება ჩავარდნები და შეცდომები, კორექტირდება ოფიციალური მონათხრობი, ნორმალური და ჯანსაღი პროცესია.

2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ახალმა მთავრობამ გადაწყვიტა „ბაბაიას დაძახებაზე“ ორიენტირებული პოლიტიკით ეპასუხა ნორმალიზაციის როგორც შიდა დაკვეთისთვის, ისე რუსეთის მიმართ შეცვლილი საერთაშორისო კონტექსტისათვის.

გაუგებრობები დაიწყო მაშინ, როდესაც მონათხრობისა და მიდგომების კორექტირების გადაწყვეტილების შესახებ ახალმა პოლიტიკის განმახორციელებელმა პირებმა – საჯარო მოხელეებმა, დიპლომატებმა და ა.შ. – პოლიტიკური ლიდერებისგან ზოგადი სიგნალი კი მიიღეს, თუმცა, „საგზაო გეგმისა“ და შუალედური ამოცანების დასახვის გარეშე. ამასთან, თავად პოზიციების კორექტირების პროცესმა დიდწილად გვერდი აუარა მყიფე, მაგრამ ფუნქციონირებად საჯარო სამსახურის ფილტრს და ისე მოხვდა პოლიტიკური პერსონაჟების მენიუში ძირითად კერძად.

ამდენად, პოზიციის კორექტირებას აკლდა თანმიმდევრულობა, ახასიათებდა დიპლომატიური მოლაპარაკებების დინამიკიდან ამოვარდნა. ამის სიმპტომი იყო მოულოდნელი, საჯარო უკანდახევები წინასწარ მოპოვებული დიპლომატიური პოზიციებიდან, რაც ზოგჯერ არა თუ პარტნიორების, არამედ მთავარი მოწინააღმდეგის დაბნეულობასაც კი იწვევდა.

ზოგიერთმა პოლიტიკურმა პერსონაჟმა თუ ჩინოვნიკმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე საუბრისას, ფრიად სახიფათო ზღვარზე ითამაშა, ზოგიერთს კი სიბრძნის დუმილი დანაშაულებრივ დუმილში აერია. ამათგან ნაწილი რუს მომლაპარაკებლებთან პირისპირ შეჯახებამ დააეჭვა მათი შემრიგებლური მიდგომის წარმატების შესაძლებლობაში და უფრო ხისტ პოზიციებზე გადაიყვანა. ამას ხშირად „ემოციური გაორება“ მოჰყვა რამაც ჯერ შეაფერხა, შემდეგ კი მთლიანად შეაჩერა ახალი „კორექტირების“ პოლიტიკის ფორმირება. ახლის არარსებობის პირობებში, დიპლომატიური პროცესის ინერციამ წინა მთავრობის მიერ დაკავებული პოზიცია განამტკიცა და თითქმის დოგმადაც აქცია.

შიდა პოლიტიკაში მოღვაწეთა შორის კი პირიქით, რუსეთთან დაახლოების პოლიტიკის დადებითი შედეგების მოჭარბებული რწმენა დამკვიდრდა. ასეთმა განცდამ ჯერ მოსკოვის პატიოსანი მერის, სერგეი სობიანინის თბილისობის დღესასწაულზე მოპატიჟება მოიტანა და ბოლოს, აწ უკვე ოდიოზური რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში გამოსვლით დასრულდა. 

დასკვნის მაგიერ

თუკი წინა და მოქმედი ხელისუფლების ნარატივებს დავაკვირდებით, მიუხედავად მძაფრი პოლიტიკური დისკურსისა და ურთიერთბრალდებებისა, მათი ოფიციალური მსჯელობის ძირითად, ჯანსაღ ნაწილს უფრო მეტი საერთო ნიშანი აქვს, ვიდრე – განმასხვავებელი. ორივე ძირითადად დგას ისეთ საერთო განმსაზღვრელებზე, როგორიც არის – რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის პირველადობა ეთნო-პოლიტიკურ კონფლიქტებთან შედარებით, რუსეთის სამხედრო აგრესიის აღიარება და დაგმობა, ოკუპაციისა და ანექსიის პროცესის აღიარება და მათი შექცევის აუცილებლობის განცდა.

ბუნებრივია, ჩვენს მიერ ნახსენებ სამ ნარატივს შორის რეალური განსხვავება არსებობს: ტაქტიკური მიდგომებში, ტონალობასა და ინტენსივობაში, რასაც აქვს თავის ლოგიკა, მომართულია განსხვავებულ საერთაშორისო კონტექსტზე და ამდენად, შეიძლება ჰქონდეს თავისი გამართლებაც.

ზოგადად, დასანანია, რომ ყოველი ახალი ხელისუფლება შიდაპოლიტიკური მოხმარებისთვის პოზიციების შეუთავსებლობაზე უფრო ამახვილებს ყურადღებას, ვიდრე – საგარეო-პოლიტიკური კურსის მემკვიდრეობითობაზე. პოლიტიკური მსჯელობა ამ, ჩვენთვის მეტად მტკივნეულ თემაზე არ უნდა ახალისებდეს უთანხმოებებსა და გაურკვევლობას საზოგადოებაში. მეტიც, საჯარო მოხელეებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური რიტორიკის ცვლილება ჩამოყალიბებული და დროში გაშლილი პროცესის მეშვეობით „ითარგმნებოდეს“ მოსალაპარაკებელი პოზიციების ენაზე.

ეს დისკუსია როგორც ჩვენი ჯერ კიდევ ნედლი პოლიტიკური სისტემის არცთუ უმნიშვნელო მონაპოვარი უნდა გვეხმარებოდეს გონების გაგრილებაში და რაც მთავრია,  ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად საუკეთესო გზების მოძიებაში.   


[1]ამ სტატიაში „რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში“ 1990-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ერთობლიობას ვგულისხმობთ.

მსგავსი/Related

Back to top button