ახალი ამბები

“საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა” ოფიციალურად გაიხსნა

ღრმავდება ქართულ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობა

“საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა ოფიციალურად 27 მაისს დაიწყო. მისი გახსნის ცერემონია თბილისში, ეროვნულ სამხედრო აკადემიაში გაიმართა. ცერემონიაზე გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ პროგრამა ლოგიკური გაგრძელებაა იმ სამხედრო თანამშრომლობისა, რომელიც აშშ-სა და საქართველოს შორის უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს და რომელიც პროგრამის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება.

პროგრამის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი და აშშ-ის სამხედრო ინსტრუქტორთა მეთაური საქართველოში ვიცე-პოლკოვნიკი რობერტ ვოლტერმაიერი.

“წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის პირველი ფაზა პროგრმისთვის ლოგისტიკურ მოსამზადებელ სამუშაოებს მოიცავდა. მისი მეორე ნაწილი 10 კვირა გაგრძელდება და ის საშტაბო მეცადინეობებს მოიცავს. ამ პერიოდში ამერიკელი ინსტრუქტორები ქართველ ოფიცრებს საკლასო მეცადინეობებს ჩაუტარებენ.

პროგრამის მესამე ფაზა ოთხი ბატალიონის საველე წვრთნებს ითვალისწინებს. თითოეული ბატალიონი ცალცალკე, ოთხი თვის განმავლობაში გაივლიან წვრთნებს.

“წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის პირველი საკლასო მეცადინეობები 27 მაისს სამხედრო აკადემიაში ჩატარდა და ძირითადად, პროგრამის ზოგად მიმოხილვას დაეთმო. ამერიკელმა სამხედრო ინსტრუქტორებმა გააფრთხილეს ქართველი ოფიცრები, რომ სწავლება დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. “გრძელი დღეები და ღამეები გელით. მხოლოდ მძიმე შრომა მეორე ფაზის დროს შესაძლებელს გახდის განხორციელდეს მესამე ფაზა,” – განუცხადა ერთ-ერთმა ინსტრუქტორმა ქართველ ოფიცრებს.

ამერიკელი ინსტრუქტორები, როგორც ჩანს, საკმაოდ დიდი ენთუზიაზმით ეკიდებიან ახალ წამოწყებას. “ჩვენ ამ დღეს იანვრიდან ველით. პროგრამა, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას,” – განუცხადა ზემდეგმა ჯიმ სისონსმა “სივილ ჯორჯიას.”

“წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაემთხვა ამერიკელთა ხსოვნის დღე. ცერემონიაზე გამომსვლელი ყველა ოფიციალური პირი აღნიშნავდა, რომ ეს სიმბოლური დამთხვევაა, რადგან საქართველო ერთვება ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ომში.

“ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლის პარალელურად, იმედი გვაქვს, რომ გავაძლიერებთ საქართველოს დამოუკიდებლობას და სტაბილურობას, ასევე ხელს შევუწყობთ თქვენს სურვილს – იცხოვროთ ღია, დემოკრატიულ საზოგადოებაში,” – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ მაილსმა ცერემონიაზე გამოსვლისას.

“ჩვენ აქ ვართ რათა განვახორციელოთ წვრთნა და აღჭურვა. ყველაზე მნიშვნელოვანი რისი დატოვებაც ჩვენ აქ გვნიდა – არის სამხედრო პროფესიონალიზმის სული,” – განაცხადა სამხედრო ინსტრუქტორთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვოლტემეიერმა.

“ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ პროგრამის განხორციელება, ერთის მხრივ, გაზრდის საქართველოს შეიარაღებული ძალების ქმედითუნარიანობას, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის საზრღვრების ეფექტურად გარონტროლტბას, მაგრამ, ამასთან ერთად, დიდად შეუწყობს ხელს სტაბილურობისა და მშვიდობის გამყარებას მთლიანად სამხრეთ კავკასიაში,” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა.

ამერიკელი ელჩის, რიჩარდ მაილსის განცხადებით, პროგრამა არანაირად არ უკავშირდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებს. თუმცა, როგორც საქართველოს გენერალური შტაბის მეთაურმა ჯონი ფირცხალაიშვილმა აღნიშნა, პროგრამა “ეხება ყველაფერს, რაც კი ხელს უშლის საქართველოს დამოუკიდებლობის გაძლიერებასა და ტერიტორიულ მთლიანობას.”

ცერემონიაზე ქართველომა მაღალჩინოსნებმა ამერიკელი სამხედროების საქართველოში გამოჩენით რუსეთში გამოწვეული  შეშფოთების განეიტრალება სცადეს.

“ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღებთ რუსეთის მხრიდან ქართველი სამხედროებისთვის შემოთავაზებულ ყველა სახის დახმარებას, თუმცა ამგვარ შემოთავაზებას ჯერ ადგილი არ ჰქონია,” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა ბეჟუაშვილმა.

 

სალომე ჯაში, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button