ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-მდე შეამცირა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით 8%-მდე შემცირდა.

სებ-ის ინფორმაციით, ივლისში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 5.7% იყო, ხოლო თვის დონეზე ფასები კი – 0.5%-ით შემცირდა.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლის განმავლობაში, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაციის მაჩვენებელი კლების ტენდენციას შეინარჩუნებს და 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონეს ჩამოცდება.

სებ-ის პროგნოზითვე, 2020 წელს ქვეყნის ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, რაც ინფლაციის პროგნოზზეც შემცირების მიმართულებით მოქმედებს. წინასწარი მონაცემებით, ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი წლიურად 97%-ით შემცირდა. ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით შემცირდა ექსპორტიც. 22%-ით შემცირდა წლიური იმპორტიც.

„ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს მომავალშიც დააკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს“, – აცხადებენ სებ-ში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 16 სექტემბერს ჩატარდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button