ევროპის მოამბე

ევროპის მოამბე – 22 ივლისი

🇬🇧 🇷🇺 დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დაზვერვისა და უშიშროების კომიტეტს კარგა ხნის დაგვიანებით გამოუქვეყნებია ანგარიში ბრიტანეთში რუსეთის მოქმედებების შესახებ, რომელშიც სხვათა შორის აღნიშნულია, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობას რუსეთის საფრთხე თავის დროზე ჯეროვნად ვერ შეუფასებია.

🇬🇧 ანგარიშის თანახმად, ბრიტანეთის მთავრობას ბრექსიტის რეფერენდუმში რუსული ჩარევის შესაძლო ამბავი არ გამოუძიებია. კომიტეტს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურებიც შეურისხავს, მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმზე რუსული „გავლენის ოპერაციაზე“ ბევრი ითქვა და დაიწერა, არაფერი გაგიკეთებიათ მის შესაჩერებლადო.

🇬🇧 სხვა მრავალ საკითხთა შორის, ანგარიშში ისიც დაუწერიათ, გაშლილი ხელებით ეგებებოდნენ ბრიტანეთის მთავრობები რუს ოლიგარქებს, ოღონდაც ქვეყანაში ინვესტიციები შემოეტანათო.

🇬🇧 🇷🇺 რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში „რუსოფობიის“ გამოვლინებად შეურისხავს.

🇦🇹 ამასობაში უკან არ იხევს კორონავირუსიც. ევროპის მასშტაბით ისევ იზრდება დაინფიცირების შემთხვევები. ამის საპასუხოდ, ავსტრია ნიღბებს უბრუნდება – პარასკევიდან ნიღბების ტარება სავალდებულო გახდება სასურსათო მაღაზიებში, ფოსტასა და ბანკებში. ამას სიმბოლური დატვირთვაც აქვს, ნიღბების დანახვა ხალხს ვირუსს გაახსენებს და უფრო ფრთხილად მოიქცევიანო – უთქვამს ავსტრიის კანცლერს სებასტიან ქურცს. არაა გამორიცხული, სამგზავრო შეზღუდვების – კორონა ტესტისა და სავალდებულო კარანტინის ხელახალი დაწესებაც. ასე თუ მოხდა, ეს პირველ რიგში ალბათ ბალკანეთის ქვეყნებს შეეხებაო – ვარაუდობს კანცლერი.

მსგავსი/Related

Back to top button