ევროპის მოამბე

ევროპის მოამბე – 31 ივლისი

Tags

🇷🇴 რუმინეთის მთავრობა შფოთავს, კოვიდ-19 შესახებ რუსეთისა და მათი ადგილობრივი დამქაშების წარმოებული დეზინფორმაციული კამპანია იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მათ როშვებს ახლა ეროვნული მასშტაბის ტელევიზიები იმეორებენო. თურმე ადგილობრივი “სპუტნიკის” არხი და მისი პოლიტიკური მოკავშირეები შესაძლებლობას არ უშვებენ ხელიდან, რომ ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელიც მოქალაქეებს პანდემიის პირობებში ქცევის შესახებ ქცევებსა და ინსტრუქციებს აძლევს ან არ გააპამპულონ ან რამე საშინელება არ დასდონ ბრალად. ამის შედეგადაც, მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები ფრიად მობლაგვდა და ინფიცირების ახალი შემთხვევები იზრდება. ესაა ინფორმაციული შეტევის საფრთხე – სადაც სისუსტეს მონახავს, იქ ცდილობს განხეთქილება გააღვივოს.

🇧🇪 ჯერაც უშედეგოდ ცდილობენ ბელგიელები მთავრობის ჩამოყალიბებას. უკვე მერამდენედ მეფე ფილიპეს მოუწია ინიციატივის გამოჩენა. მან ქვეყნის ორ უღელგამწევ პარტიას – ახალი ფლამანდიური ალიანსსა და სოციალისტურ პარტიას დაავალა, როგორც გინდათ ისე მორიგდით ერთმანეთში და კოალიციაზე იფიქრეთო. პარტიები პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით სხვადასხვა ენაზე საუბრობენ. მათ ცასა და დედამიწასავით განსხვავებული ხედვები აქვთ თითქმის ყველა საკითხზე, დაწყებული მიგრაციით, დამთავრებული ეკონომიკური რეფორმებით. პარტიის ლიდერები ბარტ დე ვევერი და პოლ მაგნეტე დღეს შუადღეს უპატაკებენ მეფეს მოლაპარაკებების შედეგებზე. შეგახსენებთ, ბელგია 2018 წლის დეკემბრიდან მოყოლებული უშედეგოდ ცდილობს ძლიერი, მოქმედი და ფუნქციური მთავრობის ჩამოყალიბებას. ისე, სულო ცოდვილო და, დროებითი მთავრობითაც ბევრ გასაჭირს შეერკინენ…

🇪🇺 ევროკავშირს ექვსი პოლონული ქალაქისათვის, რომელთაც თავი “ლგბტ-სგან თავისუფალ ზონად” გამოაცხადეს ევროკომისიის დაფინანსების მისაღებ კონკურსებში მონაწილეობა აუკრძალია. საქმე ისააო, აუხსნიათ ევროკომისრებს, რომ ევროკავშირი ყველა მოქალაქის თანასწორობას ეფუძნება. თუ ამას უარყოფთ, კეთილი ინებეთ და თქვენი გზები და ხიდები თავად მოაწესრიგეთ, ჩვენ ხელები დაგვიბანიაო.

🇸🇮 უცნაური ამბავი დატრიალებულა სლოვენიაში. იცით ალბათ, ბალკანეთის ეს პატარა კოხტა ქვეყანა ცნობილია არა მარტო ტურიზმით, არამედ ღვინის წარმოებითაც. ჰოდა, კვირის დასაწყისში სლოვენიის ერთ-ერთ საკურორტო ქალაქში ცხოველები შეუმჩნევიათ სიმთვრალის საეჭვო ნიშნებით. მდინარეს კი თევზები გამოურიყავს – ჰოი საოცრებავ, ასევე ჭარბი ალკოჰოლის დოზით! ხელისუფლების წარმომადგენლებს ეჭვი აქვთ, რომ პანდემიისგან ქარწაღებული ბიზნესის გამო ვიღაცამ ღვინო გადაღვარა მდინარეში. ვაგლახ, რომ ეს ამბავი სავალალოდ დასრულდა სლოვენიელი თევზებისათვის.

მსგავსი/Related

Back to top button