ევროპის მოამბე

ევროპის მოამბე – 3 აგვისტო

🇫🇷 საფრანგეთის ევროპულ საქმეთა ახალ მინისტრს კლემან ბონს უთქვამს, კანონის უზენაესობის დამრღვევი ევროკავშირის წევრები ფინანსურ დახმარებას ვერ უნდა იღებდნენ, ამაზე უკეთესი სასჯელი და მოტივატორი მე არ ვიციო. მეო, უთქვამს კლიმენტი-ბატონს, ფრანგ, უნგრელ, პოლონელ თუ სხვა ევროპელ მოქალაქეს იმას ვერ ვეტყვი, რომ შეგიძლიათ კანონიერება და ადამიანის უფლებები არად ჩააგდოთ და ევროპული სოლიდარობის სახელით დახმარება მაინც მოითხოვოთო. ვერაფერს იტყვი, ევროპული ერთიანობას სწორედ საერთო ღირებულებები, ზიარი პრინციპები და სახელმწიფოს მუშაობის ფორმაზე შეთანხმება უდევს საფუძვლად.

🇳🇱🇵🇱 ამ გახსენებაზე, ამსტერდამის სასამართლო ექსტრადიციის საქმეს განიხილავდა თურმე. საქმე პოლონეთს ეხებოდა, ჰოდა ბეჯით ჰოლანდიელ მოსამართლეებს უკანასკნელი ხანების საერთაშორისო ანგარიშებისთვის ჩაუხედავთ, სადაც შავით თეთრზედ სწერია თურმე, უკანასკნელ ხანებში მიღებული კანონების კვალობაზე, პოლონეთის სასამართლო სისტემა მთავრობისაგან დამოუკიდებელი ვერააო. ჰოდა, ამსტერდამის სასამართლოს უსტარი უფრენია ევროპის იუსტიციის სასამართლოსთვის – განგვიმარტეთ, თუკი მართლა ასეა საქმე, მაშასადამე პოლონეთში ადამიანის ექსტრადიციაზე წესით უარი უნდა ვთქვათო?! თუკი ამსტერდამის სასამართლოს კითხვას ევროპის იუსტიციის სასამართლომ დასტური მისცა, ევროკავშირს შიგნით ექსტრადიციის შეთანხმება პირველად დადგება ეჭვქვეშ. ასეა, ქვეყნის შიგნით კანონების საკუთარ იშტაზე ჭრა და კერვა კი შეიძლება გაგივიდეს, მაგრამ თუკი მეზობლებთან სიამტკბილობა და მათი თანამშრობლობა გინდა, ეგებ გონი მეტად უნდა დაატანო შენს საქციელს…

🇮🇹 დღეს იტალიაში ნიშანდობლივი ამბავი მოხდება – პრეზიდენტი სერჯიო მატარელლა ავტომობილით გადაკვეთს ერთ კილომეტრზე ცოტათი უფრო გრძელ, ახალაშენებულ ხიდს – ვიადოტტა ჯენოვა-სან-ჯიორჯო, რომელიც გენუას დასავლეთ ნაწილს ქალაქის ცენტრთან აკავშირებს და, ამავე დროს, ტრანსევროპული მაგისტრალის ნაწილიცაა. ამბის სიმბოლურობია წარსულ ტრაგედიაში უნდა ვეძიოთ: 2018 წლის 14 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 11 საათსა და 36 წუთზე, 200 მეტრის სიმაღლეზე აზიდული ამ ხიდის 200 მეტრიანი ნაწილი ჩამოიქცა და უფსკრულში ჩავარდნილ მანქანებში 43 ადამიანი დაიხოცა. ხიდის აღდგენა იტალიისთვის ღირსების საქმედ იქცა იმდენად, რომ იტალიური ინდუსტრიის გიგანტებმა მათთვის ჩვეული გაჯანჯლების გარეშე, დათქმულ დროში დაასრულეს სამუშაო ისე, რომ შრომა პანდემიის დროსაც არ შეუწყვეტიათ თურმე. ესო, ჩვენი ეკონომიკის პოტენციალის ნიშანი და იმის მოწმობაცააო, რომ უკეთ მუშაობაც შეგვძლებიაო, ამბობენ იტალიელები. არადა, მართლაც საშური საქმეა, რადგან აქაურ ეკონომიკას ნაკოვიდალს 9.5%-იან ვარდნას უწინასწარმეტყველებენ…

🇫🇮 🥂დღევანდელი მიმოხილვა სასიამოვნო ამბით დავასრულოთ: ფინეთის სანდომიან პრემიერ-მინისტრ სანნა მარინს შაბათს ჯვარი უფსკვნია მარკუს რაიკონენზე. სიძე-პატარძალი აგერ უკვე 16 წელია ერთად არიან თურმე და შეუღლება ახლაგა გადაუწყვეტიათ. ბედნიერი ოჯახური ცხოვრება ვუსურვოთ წყვილს!

Back to top button