ევროპის მოამბე

ევროპის მოამბე – 15 ივლისი

🇫🇷 საფრანგეთის ეროვნულ ზეიმს გუშინ ეკონომიკური დაღმასვლის პერსპექტივა აყენებდა ჩრდილს. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, 100 მილიარდ ევროს ჩამოვდივართ, რომ სამუშაო ადგილები არ დაიკარგოსო. მიმდინარე მონაცემებით, კრიზისის გამო საფრანგეთში 800 ათასიდან მილიონამდე ადამიანს ემუქრება სამუშაოს დაკარგვა. მაკრონს უთქვამს, გვირჩევნია დამსაქმებლებმა ხელფასები შეამცირონ, ვიდრე ადგილები გააუქმონო. სწორედ ამიტომ, იმ ხალხს, ვისაც ნახევარ ან უფრო ნაკლებ განაკვეთზე გადაიყვანენ, მთავრობა დაუფარავს სახელფასო განსხვავებას, სანამ კრიზისი არ გადაივლის. სარისკო და ძვირიანი ნაბიჯი კია, მაგრამ იმ იმედით კეთდება, რომ პანდემიის გავლენა ეკონომიკაზე რაც შეიძლება მოკლე ხნით გაგრძელდეს..

🇭🇺🇵🇹 პორტუგალიის პრემიერი ანტონიო კოშტა ბუდაპეშტს სწვევია და პრეზიდენტ ვიქტორ ორბანისაგან გამოსულს უთქვამს, საბიუჯეტო მოლაპარაკებებთან პიროვნულ თავისუფლებებსა და კანონის უზენაესობას რა ხელი აქვს, ღირებულებებს ხომ ვერ იყიდიო. თვალთმაქცობს ბატონი კოშტა – მის მასპინძელ მოავტორიტარო ორბანს სწორედ ამ საკითხებზე ევროპული ყურადღების გამახვილება არ სურს და ევროპულ ბიუჯეტს ვეტოთი ემუქრება, რაც კი პორტუგალიას ცის მანანას გამოაცლის დაფჩენილ პირიდამ. ისე ჩანს, ღირებულებებს ვერ იყიდი, მაგრამ მათი სარფიანად გაყიდვა კი შეიძლება…

🇪🇺 ევროპული ქვეყნების საგარეო მინისტრები ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურს შემოსწყრომიან, ფეხს ნუ ითრევთო. საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ მაისში ევროდიპლომატების თავკაც ჟოზიპ ბორელს უკისრია, რომ დედაქალაქების მიაწვდიდა წინადადებების პაკეტს ისრაელის მიერ ოკუპირებული პალესტინური ტერიტორიების ნაწილის შესაძლო ანექსიაზე რეაგირების ზომებთან დაკავშირებით. უკვე ორი თვეა გასული და ჩვენს საფოსტო ყუთში არაფერი ჩანს, ანექსია კი კარს მოგვდგომიაო აღშფოთებულან დიპლომატები და წერილი უფრენიათ ბორელთან. გაგიკვირდებათ და, ეს უსტარი ისრაელის გაზეთ “ჰაარეცს” ჩავარდნია რაღაც მანქანებით ხელში და საჯაროდაც გამოუფენია…

🇪🇺 ევროპის სახალხო პარტიამ – ევროპარლამენტის კონსერვატიული პარტიების ოჯახმა – ახალი პატრონის რკინისებური მარწუხები იგრძნო თურმე. მანფრედ ვებერმა გარშემო თავისი ძველი გვარდია შემოიკრიბა და პარტიის საპარლამენტო ჯგუფი ისე გადაალაგა, რომ პირველადი მნიშვნელობა საარჩევნო კამპანიების წარმოებასა და ჯგუფის საქმიანობის სახალხოდ წარმოჩენას მიანიჭა თურმე. ამაზე ვეტერანი დეპუტატები ჯუჯღუნებენ თურმე, პარტია პოლიტიკის შემუშავებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და ჩვენი საპარლამენტო ფუნქციაც სწორედ ესაა, მანფრედს კი პარტიული პროპაგანდის მანქანის მშენებლობის გარდა არაფერი აღელვებსო. შესაძლოა ასეცაა, ჩვენ კი უნდა მოველოდეთ, რომ ევროპის სახალხო პარტიის საჯარო კომუნიკაცია კიდევ უფრო აილესება…

🇵🇱 ევროპარლამენტის საშინაო საქმეთა კომიტეტი პოლონეთის საკითხს ხუთშაბათს განიხილავს. მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, პოლონეთის მთავრობამ თანდათანობით ანადგურებს ხელისუფლების დანაწილების, გამოხატვისა და მედიის თავისუფლების ყოველ ნიშანწყალსო და ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს დისციპლინური პროცედურა დაიწყოს თავგასული წევრის წინააღმდეგ. ანგარიშის ავტორი ესპანელი დეპუტატი ხუან ფერნანდო ლოპეს აგილარია – მემარცხენე სოციალისტი, რომელსაც პოლონეთის “კანონისა და სამართლიანობის” პარტია პოლიტიკურადაც არ მოსდის თვალში. თუმცაღა პოლონეთის მიერ ევროკავშირის წესებისა და ღირებულებების დარღვევაზე უკვე კარგა ხანია ლაპარაკი მიდის. აგილარი ამბობს, ჩემი მიზანია ევროკავშირმა საკუთარი ღირებულებების დარღვევისათვის წევრებს აზღვევინოსო, თუმცა უმატებს ამას პოლონელი ხალხის წინააღმდეგ კი არ ჩავდივართ, მათ მიერ უკანასკნელ არჩევნებში გამოთქმულ ნებას ვაღიარებთ, ოღონდ საკუთარ კანონებს ჩვენვე უნდა ვცეთ პატივიო. არც გაემტყუნება…

მსგავსი/Related

Back to top button