skip to content
ახალი ამბები

ბაჩანა შენგელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილმა, ნოტარიუსმა ბაჩანა შენგელიამ იუსტიციის მინისტრის 69-ე ბრძანებაში 22 მაისს შესული ცვლილება, რომლის თანახმადაც, ნოტარიუსს „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის“ დარღვევისთვის უფლებამოსილება ერთი თვიდან ორ წლამდე შეუჩერდება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. საკონსტიტუციოში შენგელიას უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) დაიცავს.

საია-ს თქმით, იუსტიციის მინისტრის ბრძანება „ნოტარიუსის გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირებაა“.

საია აგრეთვე განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად“. ორგანიზაციისვე განცხადებით, მსგავის შეზღუდვა კანონქვემდებარე აქტით, მათ შორის, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, დაუშვებელია.

„საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეტანილია. დაკმაყოფილების შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი შეიქმნება ქვეყანაში და არცერთ საჯარო დაწესებულებას არ ექნება ცენზურის დაწესების, ასევე პირად სივრცეში პოლიტიკური მიკერძოების ან ზოგადად შეხედულებების შეფასების უფლება“, – წერს ბაჩანა შენგელია Facebook-ზე.

ბაჩანა შენგელიამ, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც იუსტიციის სამინისტრომ მას 29 ივნისს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ სამინისტრომ შენგელიას მიმართ სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების გამო „დისციპლინური წარმოება“ დაიწყო და საქმიანობა შეუზღუდა.

წერილიდან ირკვევა, რომ იუსტიციის სამინისტრო ერთი თვის განმავლობაში შენგელიას პირადი Facebook-ის გვერდის მონიტორინგს ეწეოდა. მონიტორინგის შემდეგ, სამინისტრო შენგელიას სოციალურ ქსელში „პოლიტიკური შეხედულებების საჯაროდ გამჟღავნებასა“ და „პოლიტიკური შეფასებების გაკეთებას“ ედავება.

შენგელიამ იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. 30 ივნისს პირველი ინსტანციის სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს შენგელიასთვის „სანოტარო ელექტრონულ რეესტრთან და სანოტარო საქმიანობისთვის ყველა საჭირო პროგრამასთან“ წვდომის აღდგენა დაავალა.

მიუხედავად საქალაქო სასამართლოს განჩინებისა, სამინისტრომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ შეასრულა. შენგელიამ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებისთვის აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა.

„სამოქალაქო საქართველო“ შეფასებისთვის იუსტიციის სამინისტროსაც დაუკავშირდა. უყებაში ამბობენ, რომ მოცემული მომენტისთვის საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი, ია კერზაია, 2018 წლის 9 დეკემბერს ინსულტით გარდაიცვალა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, რომლიც 28 ნოემბერს გაიმართა, კერზაია ზეწოლაზე საუბრობდა და ამბობდა, რომ მას ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტაციას სთხოვდნენ, უარის შემდეგ კი, სკოლაში ინსპექტირების სამსახური შეუშვეს.

კერზაიას ოჯახი ამტკიცებდა, რომ სკოლის დირექტორმა ზეწოლას ვერ გაუძლო, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა და გარდაიცვალა.

კერზაიას საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება 2019 წლის 11 თებერვალს დაიწყო, თუმცა, ექვსი თვის შემდეგ უწყებამ „დანაშაულის ნიშნების არარსებობის“ გამო გამოძიება შეწყვიტა.

  • კერზაიას საქმის დეტალებისთვის გადადით ბმულზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button