Placeholder canvas
ფილოსოფოსის რვეული

ფილოსოფოსების თვალით: სირცხვილი

არისტოტელე

არისტოტელე (384-322 ჩვ.წ.აღ-მდე)

ვინ არ შეშმუშნილა უხერხულად, როცა საკუთარი სირცხვილი დასდგომია თვალწინ? არისტოტელე გვასწავლის, რომ „სირცხვილის სირცხვილის“ (აიდოს ძველბერძნულად ) მიზანია ღირსების დაკარგვისაგან გვიხსნას. ხოლო თუკი უღირს საქციელს მაინც ჩავიდენთ, სირცხვილის მეორე სახე (აისკჰუნე) დაგვატყდება თავს – მორალური დაცემის შედეგების შიში.


თომა აქვინელი (1225-1274)

სირცხვილი „სასიქადულო ვნებააო“ გვასწავლის თომა აქვინელი, ის „გვეხმარება, კეთილ გზას არ გადავუხვიოთ“. თუმცაო, ამბობდა ბრძენკაცი, ეს გრძნობა ზედმეტი გულმოდგინებით არ უნდა გავაღვივოთო ჩვენში. თვითდამცირების წვენში მოხარშვას მანკიერებისა და ტყუილისაკენ მივყავართო, ამბობდა იგი. სირცხვილი ინტიმური გრძნობაა, ამიტომაც „ძმა შენი დასატუქსად განზე გაიყვანეო“, გვირჩევდა თეოლოგი.


რენე დეკარტი (1596-1650)

თავის ნაშრომში „სულის ვნებანი“ დეკარტი წერს, რომ სირცხვილი „სევდის ნაირსახეობაა“ და „ბრალდების შიშთანაა კავშირში“. ფილოსოფოსის აზრით, არაფერია უსირცხვილობაზე საშინელი, რადგანაც უსირცხვილო ადამიანი ვერასოდეს იგემებს დიდების სიტკბოებას. სირცხვილი და დიდება, დეკარტის აზრით, ერთმანეთისაგან განუყოფელია, რადგანაც ორივე სიქველეს წაახალისებს, „ერთი — შიშით, მეორე კი — მოლოდინით“.


ჟან-პოლ სარტრი (1905-1980)

თუკი ვინმემ მოულოდნელად ცხვირში თითით ქექვისას წაგასწროთ, თქვენს სირცხვილს სასჯელის შიში კი არ იწვევსო, ამბობდა სარტრი თავის ნაშრომში „არსება და არარაობა“, არამედ იმის გაცნობიერება, რომ სწორედ ისეთი ხართ, როგორც სხვა გხედავთ. საკუთარი თავის ეს „ცუდი პორტრეტი“ სულით ხორცამდე იმიტომ შეგძრავთ, რომ სინამდვილეში, სწორედ ასეთი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ თავზეო, განსჯიდა სარტრი.


ჟაკ დერიდა (1930-2004)

სირცხვილის თავდაპირველი სახეობა სიშიშვლის სირცხვილია, რაც სიწმინდის განცდის საფუძველს წარმოადგენს. თუმცაღა, დერიდას თქმით, სირცხვილი მრავალსახოვანია: არსებობს „სირცხვილის განცდის სირცხვილიც“, რომელიც „გარდაუვალი უკეთესობის ანდა უარესობის მოლოდინს“ მოასწავებს და ამდენად, თავისი არსით, სიამოვნების განცდასაც მოიცავს. სწორედ ეს სირცხვილი, რომელიც „თავისთავად სასირცხვილოა“, იმდენად მაცდურია, რომ შეიძლება სიამოვნების ტანჯვისაგან მოგვკლასო, ფიქრობდა დერიდა.

პირველწყარო
Philosophie Magazine

მსგავსი/Related

Back to top button