ახალი ამბები

ულტრანაციონალისტური მოძრაობა „ქართული მარში“ პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდა

Tags

ულტრანაციონალისტური მოძრაობა „ქართული მარში“ პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდა. „მარშმა“ პარტიის დამფუძნებელი ყრილობა 2 ივლისს, საგურამოში, სიმბოლურად, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გამართა.

პარტიის თავმჯდომარედ სანდრო ბრეგაძე აირჩიეს, რომლის თქმით, მარშის სახელმძღვანელო იდეოლოგია „მამული, ენა, სარწმუნებას“ – ახალგაზრდა ილია ჭავჭავაძის მიერ 1860 წელს გაჟღერებულ პროგრამულ ხედვას – დაეფუძნება.

ყრილობაზე გენერალურ მდივნად ქართული ოცნების ყოფილი წევრი, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი აირჩიეს. პარტია შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და პროგრამა მინიმუმად ახალი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის შექმნას ასახელებს.

„ქართული მარშის“ ლიდერები მთავარ ოპონენტებად ნაციონალურ მოძრაობას და ევროპულ საქართველოს განიხილავენ. პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის გიორგი გიგაურის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა და მისი კლასტერი“ რევოლუციისთვის ემზადება, რის საშუალებასაც მათ „ქართული მარში“ არ მისცემს. „ქართული მარში არის ნაციონალური მოძრაობის რევოლუციის საწინააღმდეგო ვაქცინა“, – დასძინა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა წყაროებიდან ფინანსდება მარში, პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი შიხიაშვილმა უპასუხა, რომ მათი დამფინანსებლები „ის ქართველები“ იქნებიან, რომლებსაც „გული მამულისთვის უძგერთ“ და აქვთ სურვილი, რომ „ამ სამამულიშვილო პოლიტიკური ძალის გაძლიერებასა და ჩამოყალიბებაში“ მიიღონ მონაწილეობა.

ულტრანაციონალისტური მოძრაობისთვის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო სახლ-მუზეუმის სივრცის დათმობას საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. ამ გულისწყრომის პასუხად, მუზეუმის დირექტორმა ანდრო ბედუკაძემ მედიას უთხრა, რომ მუზეუმი „საჯარო სივრცეა“, რომელიც გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ქირავდება. ბედუკაძის თქმით, მარშმა ორსაათიანი ღონისძიებისთვის მუზეუმს 3 000 ლარი გადაუხადა.

მოძრაობა „ქართული მარში“, რომელიც ულტრანაციონალისტურ ჯგუფებს აერთიანებდა, 2017 წელს ჩამოყალიბდა.

2017 წლის ივლისში მოძრაობის ერთ-ერთ პირველ მასშტაბურ მსვლელობას 2000-მდე მონაწილე შეუერთდა, რომლებიც არალეგალი უცხოელების გაძევებას, საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას, უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის შეზღუდვას და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის უცხოური დაფინანსების აკრძალვას მოითხოვდნენ.

2017 წლის მსვლელობის თანაორგანიზატორმა, მაშინ მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ, „ულტიმატუმი“ წამოაყენა და  „ირანელებს, არაბებს და აფრიკელებს“ საქართველოს დატოვებისკენ მოუწოდა.

მას შემდეგ, ქართულმა მარშმა არაერთი ძალადობრივი აქციის ორგანიზატორობაში გამოიჩინა თავი. მარშის წევრი რადიკალურად განწყობილი ჯგუფები მოქალაქეებს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და სექსუალური ორიენტაციის გამო თავს ესხმოდნენ და ხშირად ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ.

სანდრო ბრეგაძე და „ქართული მარში“ შვედურ-ქართული გეი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების თბილისური პრემიერის საწინააღმდეგოდ ნოემბერში რადიკალურ ჰომოფობიურ ჯგუფთა პროტესტსაც ედგნენ სათავეში. აღნიშნულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა თერთმეტი პირი დააკავეს. მაშინ ბრეგაძემ თქვა, რომ „ვინც ამ ფილმზე წავა, ან გეია ან ლატენტური გეი“ და დასძინა, რომ ფილმი თავადაც ნახა, თუმცა ბოლომდე ყურებას „ვერ გაუძლო“.

სანდრო ბრეგაძე 2014-2016 წლებში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო, ამ თანამდებობამდე კი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა. თავისი პოლიტიკური კარიერის საწყის ეტაპზე იგი „საქართველოს დემოკრატიული კავშირის“ წევრი იყო. ბრეგაძე ასლან აბაშიძის ბლოკ „საქართველოს აღორძინების“ სიით საქართველოს პარტლამენტის წევრადაც მსახურობდა.

საგამოძიებო ჟურნალისტების ჯგუფის – Ifact Georgia-ის ინფორმაციით, „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძის ნათესავებმა (დის ქმარმა და ბიძაშვილმა) 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მმართველ პარტიას – ქართულ ოცნებას ჯამში 85 000 ლარი შესწირეს.

„ქართული მარში“ ესტონეთის დაზვერვის 2019 წლის ანგარიშშიც მოხვდა. დოკუმენტის თანახმად, „ქართული მარშის“ ზოგიერთ ლიდერს რუსეთთან და გავლენის მოხდენის მიზნით განხორციელებულ მის ქმედებებთან აქვს კავშირი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button