skip to content
ახალი ამბები

რადიკალური ჯგუფები გეი თემატიკაზე შექმნილი ფილმის ჩვენების ჩაშლით იმუქრებიან

თბილისის კინოთეატრებში 8-10 ნოემბერს გეი თემატიკაზე შექმნილი ქართულ-შვედური ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დაგეგმილი პრემიერის პარალელურად რადიკალური ჯგუფები მობილიზებას იწყებენ და ჩვენების ჩაშლით იმუქრებიან.

შვედეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის რეჟისორმა ლევან აკინმა ფილმი – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ თბილისში გადაიღო. ფილმი 2020 წლის ოსკარების დაჯილდოების საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ნომინაციაზეც არის წარდგენილი. ფილმი გეი მოცეკვავეების ისტორიას ასახავს და მისი პრემიერა 2019 წლის კანის კინოფესტივალზე შედგა. ფილმი სარაევოს, გენტის, ოდესისა და კარლის კინოფესტივალების რამდენიმე მთავარი ჯილდოს მფლობელი უკვე გახდა.

თბილისში დაგეგმილი სამდღიანი პრემიერის ფარგლებში, 5 000-ზე მეტი ბილეთი, ჩვენებამდე რამდენიმე დღით ადრე, უკვე სრულად არის გაყიდული. ულტრაკონსერვატული და ნაციონალისტური ორგანიზაციის „ქართული მარში“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ, რომელიც 2014-2016 წლებში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო, მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ფილმის ჩვენებას არ დაუშვებენ. მისი შეფასებით, აკინის ფილმი „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაა“ და „ვინც ამ ფილმზე წავა, ან გეია ან ლატენტური გეი“. ბრეგაძემ ასევე დასძინა, რომ მას ფილმი ნანახი აქვს, თუმცა ბოლომდე ყურებას „ვერ გაუძლო“.

ფილმის ჩვენების ჩაშლით იმუქრება კიდევ ერთი ულტრაკონსერვატული  შეხედედულებების მქონე და „ევრაზიონისტულ“ მოძრაობასა და მის ლიდერთან, ალექსანდრე დუგინთან, დაკავშირებული თვითგამოცხადებული „რაინდი“, ბიზესმენი ლევან ვასაძეც. იგი ყველა კინოთეატრის ბლოკირებას გეგმავს, სადაც ფილმის ჩვენებაა დაგეგმილი. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ისინი წინააღმდეგობას პოლიციასაც გაუწევენ და ფილმის ჩვენებას არ დაუშვებენ.

მსგავსი რადიკალური განცხადებებით ლევან ვასაძე ივნისში თბილისში დაგეგმილი „თბილისი პრაიდის“ კვირეულის დროსაც გამოდიოდა. მან „ქუდზე კაცს“ უხმო და ვერის პარკში „მხოლოდ მამაკაცები“ დაპატიჟა და „გეი პროპაგანდის წინააღმდეგ“ თბილისის ქუჩებში „ქამრებით ხელში“ პატრულირება დააანონსა. ვასაძე პოლიციის კორდონის გარღვევით მაშინაც დაიმუქრა.

ლევან აკინის ფილმი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემაც დაგმო. ტელეკომპანია პირველთან საუბრისას მან თქვა, რომ ფილმი ქართული, ქრისტიანული ღირებულებების შეურაცხყოფაა. მანვე განმარტა, რომ ფილმის ჩვენებაზე ეკლესია „ძალიან დიდ პროტესტს გამოთქვამს“.

ფილმის ჩვენების ჩაშლის მიმართ გამოთქმულ მუქარებს სახალხო დამცველის ოფისიც გამოეხმაურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა და კინოჩვენებაზე დამსწრე ყველა პირის უსაფრთხოებისკენ მოუწოდა. კინოჩვენების დროს პრევენციული ღონისძიებების გატარების მოთხოვნით, სახალხო დამცველმა 5 ნოემბერს შინაგან საქმეთა მინისტრს ოფიციალური წერილითაც მიმართა.

განცხადება ლგბტ+ თემის უფლედამცევლმა ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობამაც“ გაავრცელა და სამართალდამცველებს კინოჩვენებაზე დამსწრეთა უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ფილმის ჩვენების ირგვლივ „დაძაბული მდგომარეობა“ შეიქმნა, რაზეც, მათივე თქმით, ისიც მიუთითებს, რომ, „უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე“, საქართველოში გამართულ პრემიერას მთავარი როლების შემსრულებელი მსახიობები ვერ დაესწრებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფილმის ჩვენების მიმართ გამოთქმული მუქარის საპასუხოდ აცხადებენ, რომ უწყება „კანონის ფარგლებში იმოქმედებს“.

ფილმის პრემიერას წინ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში ჰომოსექსუალობის თემის გარშემო დაპირისპირება უძღოდა. 31 ოქტომბერს საპატრიარქოში გამართული სინოდის სხდომის დატოვების შემდეგ, ჭყონდიდის უკვე ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ მან სინოდის სხდომაზე, „საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვა ამხილა“. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ ვინ ამხილა მან, პეტრე ცაავამ უპასუხა – „სინოდის თავმჯდომარე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“.

ამასთან, 4 ნოემბერს მართლმადიდებლური ეკლესიის კიდევ ერთმა სასულიერო პირმა გიორგი სხილაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ წილკნისა და დუშეთის მოქმედი მიტროპოლიტი ზოსიმე შიოშვილი 1988 წელს სასულიერო „სემინარია-აკადემიის“ ერთ-ერთ სტუდენტს „სოდომურად თავს დაესხა“.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button