ახალი ამბები

სანდრო ბრეგაძის მხრიდან ომბუდსმენზე „ზემოქმედების ფაქტზე“ შსს-მ გამოძიება დაიწყო

Tags

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოძრაობა „ქართული მარშის“ ლიდერის სანდრო ბრეგაძის მიერ 12 ნოემბერს სახალხო დამხველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

12 ნოემბერს სანდრო ბრეგაძე თანამოაზრეებთან ერთად, სახალხო დამცველის ოფისში ნინო ლომჯარიასთან შესახვედრად მივიდა, სადაც გეი თემატიკაზე შექმნილი ქართულ-შვედური ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ – ჩვენების დროს თბილისში რამდენიმე დღის წინ განვითარებული მოვლენები უნდა განეხილათ, თუმცა შეხვედრა არ შედგა. ამის შემდეგ, ბრეგაძემ თქვა, რომ იგი ერთ კვირაში ომბუდსმენის ოფისში რამდენიმე ათას ადამიანთან ერთად შევიდოდა და ამაში ხელს ვერავინ შეუშლიდა. მანვე თქვა, რომ ნინო ლომჯარიას და მის „ამფსონებს“ ადგილს „პოლიტიკურ სანაგვეზე“ მიუჩენდა.

შსს-ს მიერ 13 ნოემბერს გავრცელებული განცხადების მიხედვით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახალხო დამცველის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, მასზე ზემოქმედებას გულისხმობს და სასჯელის სახით ჯარიმას, ერთიდან ორ წლამდე „გამასწორებელ“ სამუშაოს, ან ექვსი თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობას ითვალისწინებს.

მოძრაობა „ქართული მარში“, რომელიც ულტრანაციონალისტურ ჯგუფებს აერთიანებს, 2017 წელს ჩამოყალიბდა.

რამდენიმე დღის წინ „ქართული მარშის“ აქტივისტები და ლიდერები, მათ შორის, სანდრო ბრეგაძე, თბილისში გამართული, გეი თემატიკაზე შექმნილი ქართულ-შვედური ფილმის პრემიერის ჩაშლას შეეცადნენ.

ფილმის პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე, „ქართულმა მარშმა“, სხვა რადიკალურ ჯგუფებთან ერთად, გამოაცხადა, რომ ფილმის ჩვენებას და „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას“ არ დაუშვებდა.

მათი განცხადების პასუხად, სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა, ასევე კინოჩვენებაზე დამსწრე პირთა უსაფრთხოების დაცვა მოითხოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button