ახალი ამბები

„ქართული მარშის“ ექვს აქტივისტს საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილე ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოს ინფორმაციით, ლადო სადღობელაშვილს, ირაკლი დოლენჯაშვილს, გიორგი ონიანს, ლუკა ნაცვლიშვილს, მიხეილ ამისულაშვილს და ბექა რევაზიშვილს ბრალად ხულიგნობა ედებათ. გარდა ამისა, გიორგი ონიანს, ხულიგნობასთან ერთად, ბრალი ცემაშიც ედება, ხოლო ლუკა ნაცვლიშვილს ბრალი ასევე სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებაშიც წარედგინა.

დაცვის მხარე სასმართლო გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.

„ქართული მარშის“ წევრები რუსთავი 2-ის შენობასთან 19 მარტს შეიკრიბნენ. ისინი აპროტესტებდნენ ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიერ კვირას, 18 მარტს, გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ გაკეთებულ ერთ-ერთ განცხადებას, რომელმაც, მოძრაობის აქტივისტთა თქმით, მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქართული მარშის“ ექსვი აქტივისტი, სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით 20 მარტს დააკავა. დანაშაული გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 8 მაისს ჩაინიშნა.

მსგავსი/Related

Back to top button