skip to content
ახალი ამბები

ესტონეთის დაზვერვის ანგარიში: რუსეთმა 2019-ში საქართველოზე ზეწოლა გააძლიერა

12 თებერვალს ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც რეგიონში უსაფრთხოების კუთხით ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავს.

ანგარიში სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გაზრდილ გავლენას უსვამს ხაზს. ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთი რეგიონს „გეოპოლიტიკურ ბუფერულ ზონად“ მიიჩნევს.

დოკუმენტის თანახმად, 2019 წელს რუსეთმა აშკარად გააძლიერა სამხედრო და პოლიტიკური ზეწოლა საქართველოზე. ანგარიში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ სექტემბერში გაკეთებულ განცხადებას იხსენებს, როდესაც იგი ოკუპირებულ აფხაზეთს მისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და გადაიარაღებისთვის დაფინანსებას დაჰპირდა.

ცხინვალის რეგიონზე საუბრისას, დაზვერვის სამსახური ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოწევის მცდელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ანგარიშის თანახმად, პროცესი „უფრო აგრესიული და პროვოკაციული“ გახდა, რასაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების წინააღმდეგ „ფიზიკური მუქარა“ მოჰყვა. დაზვერვის სამსახურმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სამხრეთ ოსეთის „ხელისუფლების“ ავტონომია ილუზიაა და რომ „მარიონეტულ მთავრობას“ მოსკოვი აკონტროლებს.

დოკუმენტი აღნიშნავს, რომ წელს რუსეთი სამხრეთ კავკასიის მიმდებარედ, თავის სამხრეთის სამხედრო ოლქში სტრატეგიული სამხედრო სწავლების „კავკაზ 2020“-ის ჩატარებას გეგმავს.

დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთი გავლენის მოსახდენად გარდა ხისტი ძალისა სხვა საშუალებებსაც იყენებს. რუსეთის რბილი ძალის არსენალში ორი რუსული ინსტიტუტია დასახელებული: „ევგენი პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოში“ და „ალექსანდრე გორჩაკოვის სახალხო დიპლომატიის ფონდის“ ადგილობრივი ფილიალი. რუსული ენის სწავლების უფასო კურსების შეთავაზებით და კულტურული ურთიერთობების ხელშეწყობით, ეს ორგანიზაციები რუსეთის მიერ გავლენის მოხდენის საშუალებებს წარმოადგენენ. ანგარიშის თანახმად, ასევე იგეგმება შემდგომი გაფართოება, რადგანაც 2019 წლის დეკემბერში რუსული კულტურის ცენტრის „რუსკი მირ“-ის გახსნა იგეგმებოდა.

ანგარიში შეშფოთებას გამოხატავს რუსული პროპაგანდის მნიშვნელოვანი ზრდის გამო, რომელიც საქართველოში „ე.წ. ტრადიციული ღირებულებების“ გავრცელებას ემსახურება. დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ამ კუთხით მნიშვნელოვან როლს “ქართულ მარში“ ასრულებს. ანგარიშის თანახმად, ამ ორგანიზაციის საქმიანობა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის შერყევა, ასევე შიდა დაძაბულობის შექმნა და ქართულ საზოგადოებაში კონფლიქტის ესკალაციაა“. დოკუმენტი აღნიშნავს, რომ „ქართული მარშის“ ზოგიერთ ლიდერს რუსეთთან და გავლენის მოხდენის მიზნით განხორციელებულ მის ქმედებებთან კავშირი აქვს.

საგარეო დაზვერვის სამსახურმა აღნიშნავს, რომ რუსეთი შეეცდება გავლენა მოახდინოს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე 2020 წელს, რათა თავისთვის „უფრო ხელსაყრელი შედეგი უზრუნველყოს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button