Placeholder canvas
ახალი ამბები

ოპოზიციამ თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები წარადგინა

19 ივნისს, ლეიბორისტული პარტიის ოფისში ორსაათიანი კონსულტაციების შემდეგ,  ოპოზიციამ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის თბილისის 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან 6-ში საერთო კანდიდატები დაასახელა.

ერთობლივი გადაწყვეტილებით თბილისის 6 ოლქში ოპოზიციის სახელით კენჭს შემდეგი კანდიდატები იყრიან:

  • ვაკე – ელენე ხოშტარია – ევროპული საქართველო;
  • გლდანი – ნიკა მელია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
  • ისანი – გიორგი ვაშაძე – ახალი საქართველო;
  • სამგორი – ლევან ხაბეიშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
  • მთაწმინდა-კრწანისი – შალვა შავგულიძე – თავისუფალი დემოკრატები;
  • ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტია.

დარჩენილი ორი ოლქის შესახებ (დიდუბე-ჩუღურეთი და საბურთალო) ოპოზიციაში განმარტავენ, რომ საერთო კანდიდატზე კონსულტაციები კვლავაც გრძელდება.

კონსულტაციების დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა წარადგინა და თქვა, რომ „ბრძოლა იქნება ბოლომდე, რათა პოლიტიკიდან გავიტანოთ ოლიგარქია“.

„ოპოზიცია საპასუხისმგებლო ეტაპზე გადადის“, – თქვა ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ და დასძინა, რომ ერთობა, რაც ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა შეძლეს, საზოგადოების დაკვეთა იყო. „[გაერთიანების გარეშე] შეუძლებელია ჩვენს ქვეყანაში ცვლილებების მოტანა“, – აღნიშნა ხოშტარიამ.

„ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, ეს იქნება ეგზისტენციალური არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის მინიმუმ მომდევნო 10-15 წელიწადს“, – თქვა ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ.

შალვა შავგულიძემ კი, რომელიც ოპოზიციის სახელით მაჟორიტარობისთვის მთაწმინდა-კრწანისის რაიონში იბრძოლებს, აღნიშნა, რომ ოპოზიცია შეძლებს ხელისუფლების მმართველობიდან ჩამოცილებას, რომელიც „რუსეთის ინტერესებს“ ემსახურება.

„[ეს არის] ჩანასახი სრულიად ახალი თაობის – კოალიციური მმართველობის, რომელიც აუცილებლად 31 ოქტომბრის შემდეგ იქნება ქვეყანაში“, – განაცხადა ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ.

დღევანდელ შეხვედრას პარტია ლელო საქართველოსთვის ლიდერები არ ესწრებოდნენ. ისინი საერთო მაჟორიტარული კანდიდატების ნაწილში ოპოზიციასთან არ თანამშრომლობდნენ. პარტიაში აცხადებენ, რომ ყველა ოლქში საკუთარ მაჟორიტარს წარადგენენ. 

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის 8 მარტს დიპლომატთა შუამავლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები 120/30 ფორმულით (ამჟამინდელი 77/73 სისტემის ნაცვლად) უნდა ჩატარდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეები 150 დეპუტატიდან 120-ს პროპორციული, 30-ს კი – მაჟორიტარული წესით უნდა აირჩიონ.

საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის საჭირო საკონსტიტუციო შესწორების საჯარო განხილვები უკვე მოეწყო და პროცესმა საკანონმდებლო ორგანოში უკვე გადაინაცვლა. დეპუტატებმა შესაბამის ცვლილებებს კენჭი პირველი მოსმენით 21 ივნისის რიგგარეშე სხდომაზე უნდა უყარონ.

უკვე ცნობილია, რომ თუკი ხელისუფლება 8 მარტის შეთახმებას სრულად არ შეასრულებს და „პოლიტპატიმარ“ გიორგი რურუას არ გაათავისუფლებს, ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ. მათ ბოიკოტი ცვლილებების საჯარო განხილვებსაც გამოუცხადეს.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ისინი საარჩევნო სისტემის მხარდაჭერისთვის მზად არიან და დასძენენ, რომ ამისთვის 92 ხმა უკვე აქვთ. საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად ქართულ ოცნებას კიდევ 21 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. თეორიულად, მმართველ გუნდს ამის რესურსი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეტუტატების გარეშეც აქვს. 

ასევე წიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button