Placeholder canvas
ახალი ამბები

გენდერული თანასწორობის შესახებ კვლევის შედეგები

გენდერული ურთიერთობების მიმართ საზოგადოების აღქმისა და დამოკიდებულების შესახებ  კვლევის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2013 წლიდან მოყოლებული საქართველოს მოქალაქეები გენდერული თანასწორობის იდეების მიმართ უფრო ღია გახდნენ  და ქალთა დამოკიდებულებებში უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება. კვლევა გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) 2019 წელს ერთობლივად ჩაატარეს.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა განაცხადა, რომ საქართველოში დამოკიდებულებები იცვლება, მაგრამ „საზოგადოება ხშირად ეჭვის ქვეშ აყენებს ქალთა თანასწორ უფლებებს, რაც უმეტესწილად ქართველი კაცების დამოკიდებულებას უკავშირდება“. მისი თქმით, „საქართველო მხოლოდ მაშინ შეძლებს, სრულად გამოიყენოს ქვეყნის ყველა მოქალაქის პოტენციალი, თუ დისკრიმინაციასა და სტერეოტიპებს გადალახავს“.

„კვლევაში გაანალიზებულია გენდერული თანასწორობის მიმართ არსებული დამოკიდებულება და აღქმა საზოგადოებრივ, თემის, ურთიერთობებისა და ინდივიდუალურ დონეზე.  ურთიერთობები უდაოდ გვაძლევს ცვლილებების დანახვის შესაძლებლობას, ამდენად, საინტერესოა, დავაკვირდეთ ოჯახში ქალის როლის აღქმასთან დაკავშირებით მომხდარ მნიშვნელოვან ტრანსფორმაციებს, რომელიც კვლევამ გამოავლინა“, – აღნიშნა გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ.

ძირითადი მიგნებები

ანგარიშში, რომელიც 16 ივნისს გამოქვეყნდა, 2019 წლის კვლევის ძირითადი მიგნებები იმ ანალოგიური კვლევის შედეგებთან არის შედარებული, რომელიც 6 წლის წინ ჩატარდა.

კვლევის მსვლელობისას, ქვეყნის მასშტაბით პირისპირ ინტერვიუების გზით 2,408 რესპონდენტი გამოიკითხა, აგრეთვე და ჩატარდა ფოკუს ჯგუფები თბილისში, კახეთში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიაში.

შედარებითმა კვლევამ აჩვენა, რომ 2013 წლის შემდეგ, გენდერული როლების ტრადიციული ხედვა შემცირდა, ხოლო გენდერული თანასწორობის პრინციპების გაცნობიერება საგრძნობლად გაიზარდა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს შორის აღინიშნება.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა – ქალების 63% და კაცების 54% – ფიქრობს, რომ ქვეყანაში გენდერული თანასწორობა მიღწეული ჯერაც არ არის.


თითქმის არცერთი რესპონდენტი დაეთანხმა ან სრულიად დაეთანხმა მოსაზრებას, რომ „ქალების გაძლიერება კაცებს უფლებებს, ქალების დასაქმება კი, კაცებს სამუშაო ადგილებს ართმევს.

მიუხედავად იმისა, რომ ქალების პოლიტიკაში ჩართვის მიმართ ზოგადი მხარდაჭერა არსებობს, რესპონდენტების ნახევარს სჯერა, რომ კაცები უკეთესი პოლიტიკური ლიდერები ხდებიან. ამას გარდა, ქალები პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის შემაფერხებელ ძირითად ფაქტორად ოჯახურ ვალდებულებებს ასახელებენ.

თუ 2013 წელს რესპონდენტების 61% მიიჩნევდა, რომ კაცები ქალებზე უკეთესი პოლიტიკური ლიდერები არიან, 2019 წელს ეს წილი 49%-მდე შემცირდა. „აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, ქალი რესპონდენტების შეხედულების გადაფასებამ გამოიწვია“, – ნათქვამია ანგარიშში. კერძოდ, 2013 წელს, ქალების 56% და კაცების 69% მიიჩნევდა, რომ კაცები ქალებზე უკეთესი პოლიტიკური ლიდერები არიან. ხოლო 2019 წელს ასე ფიქრობდა ქალების 37% და კაცების 62%.

ანალოგიურად, 2013 წელს რესპონდენტების 66% (ქალების 56% და კაცების 77%) მიიჩნევდა, რომ პოლიტიკა უფრო კაცის სფეროა, ვიდრე ქალის. ეს თანაფარდობა, ექვსი წლის შემდეგ, 52%-მდე შემცირდა, სადაც 42% ქალი, 63% კი კაცია.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ თუ 2013 წელს, რესპონდენტების 50% (ქალების 56% და კაცების 43%) დაეთანხმა აზრს, რომ ქალების პოლიტიკაში მონაწილეობა ქვეყანას სარგებელს მოუტანდა, 2019 წელს, ეს წილი რესპონდენტების 60%-მდე გაიზარდა (ქალების 72% და კაცების 45%).

კვლევის თანახმად, სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის დონეები „ზოგადად დაბალია“, მაგრამ უფრო დაბალია ქალებში, ვიდრე კაცებში. კაცების 54%-მა და ქალების 70%-მა განაცხადა, რომ არასოდეს ყოფილა მშვიდოაბიან აქციებზე.

კაცებისა და ქალების პოლიტიკურ და სამოქალაქო აქტივიზმში ონლაინ მონაწილეობა, ისევე იყო შეზღუდული, როგორც ამ პროცესში ფიზიკური ჩართულობა. ანგარიშის თანახმად, ათიდან, დაახლოებით, ცხრა კაცი და ქალი ამბობს, რომ არასოდეს მოუწერია ხელი პეტიციაზე ან გამოუხატავს პოლიტიკური შეხედულება სოციალურ ქსელში.


კვლევის თანახმად, საქართველოში, ქალებსა და მამაკაცებს შორის, კვლავაც ნარჩუნდება ჰომოფობიური დამოკიდებულებები. რესპონდენტებს, განსაკუთრებით, კაცებს (80%), ღრმად აქვთ გამჯდარი ჰომოფობიური შეხედულებები ჰომოსექსუალი შვილის (83%) ან ჰომოსექსუალი მეგობრის (81%) ყოლაზე. ქალებში ეს მაჩვენებელი 74% და 54%-ია.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ დამოკიდებულებაში ბევრად მაღალი მიმღებლობა გამოვლინდა. მხოლოდ მეოთხედზე ცოტა მეტმა კაცმა და ქალმა განაცხადა, რომ ვერ შეძლებდა შშმ პარტნიორის ყოლას და მხოლოდ ქალების 13%-მა და კაცების 15%-მა თქვა, რომ შერცხვებოდა შშმ შვილის ყოლა.

გენდერული წარმოდგენებისა და დამოკიდებულებების კვლევა შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა. კვლევა UNDP-ისა და UNFP-ის დაკვეთით, მოწინავე საერთაშორისო ორგანიზაციამ – Promundo და დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, კაცებისა და გენდერული თანასწორობის საერთაშორისო კვლევის – IMAGES მოდელზე დაყრდნობით ჩაატარეს. აღნიშნული მოდელი შინამეურნეობებში კაცებისა და ქალების  დამოკიდებულებებისა და ქცევის შესახებ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრის ირგვლივ ყოვლისმომცველ კვლევას წარმოადგენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button