skip to content
ახალი ამბები

საერთაშორისო ორგანიზაციები: საქართველოში ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობა კვლავაც კრიტიკულ პრობლემად რჩება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში, ეუთომ, ნატოს სამეკავშირეო ოფისმა და საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებმა ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ხაზგასმულია, რომ მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ „ბევრი სერიოზული ნაბიჯის“ გადადგმის მიუხედავად, საქართველოში ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობა კვლავაც კრიტიკულ პრობლემად რჩება მიუხედაბად

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭიროა კანონმდებლობის გაძლიერება და აღსრულება, ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი პოლიტიკის განხორციელება, და ძალადობის მსხვერპლთა სრული დაცვა და მხარდაჭერა. „ყოველივე ამისთვის კი სასიცოცხლოდ აუცილებელია ცნობიერების ამაღლება და ქალთა ლიდერობის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევა და აღმოფხვრა, რადგანაც ამგვარი ძალადობა ხელს უშლის ქალებს იყვნენ პოლიტიკურად აქტიურნი და ეფექტური წვლილი შეიტანონ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში. ქალი კანდიდატების 54 პროცენტს განუცდია ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობა და შევიწროება თავიანთ საარჩევნო კამპანიის, ან პოლიტიკური კარიერის განმავლობაში. პოლიტიკოს ქალთა წინააღმდეგ ხშირად გამოიყენება სექსისტური სიძულვილის ენა სოციალურ მედიაში; ქალებს აკრიტიკებენ, გენდერული იდენტობის, გარეგნობის, ჩაცმულობის, ინტელექტუალური შესაძლებლობების და მორალისტური პრიზმით“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე დაფარულ სახედ რჩება ეკონომიკური ძალადობა, რომელიც მსხვერპლს აიძულებს დარჩეს მოძალადესთან. გამოწვევად რჩება ანაზღაურებებს შორის გენდერული სხვაობის შემცირება, ფინანსურ რესურსებზე, მემკვიდრეობის უფლებებზე, დასაქმების შესაძლებლობებზე,  შრომის უხილავ და აუნაზღაურებელი ზრუნვის  აღიარებასა და გადანაწილებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა.

განცხადება მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, და მედიას, რომ სამომავლოდ ქალთა გაძლიერებისთვის იმოქმედონ, რათა „მათ სრულად და თანასწორად მიიღონ მონაწილეობა ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ძალადობის ან შევიწროების შიშის გარეშე“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button