პრემიერმა პარლამენტში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 27 მაისს პარლამენტში მოხსენებით წარდგა. საათსა და ოც წუთს გაგრძელებულ სიტყვაში გიორგი გახარიამ კოვიდ-19-ის გავრცელების საწინააღმდეგოდ მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და „აუცილებელ“ შეზღუდვებზე ისაუბრა და ორი ინიციატივა გააჟღერა.
პრემიერის თქმით, მთავრობა გეგმავს სამშენებლოს სექტორის მხარდაჭერას, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო „დღეიდან წლის ბოლომდე“ ყველა ახალი იპოთეკარის სესხის სუბსიდირებას მოახდენს.
ამის გარდა, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ იგეგმება სამშენებლო სექტორის 150 მლნ ლარით სუბსიდირება, რათა უახლოეს პერიოდში მოხდეს დევნილების ბინებით უზრუნველყოფა.
ინიციატივების გაჟღერებამდე, გახარიამ განმარტა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის საჭირო სხვადასხვა შეზღუდვას მთავრობა საერთაშორისო კვლევებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით აწესებდა. მისი თქმით, მთავრობის მთავარი საზრუნავი ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობებსა და ეკონომიკურ სიძლიერეს შორის ბალანსის პოვნა იყო.
„ჩვენ უნდა მიგვეცა ჯანდაცვის სისტემისთვის დრო იმისთვის, რომ მას შესძლებოდა უფრო მეტი პაციენტის ერთდროულად სტაციონარულად მკურნალობა“, – თქვა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, „ამ შეზღუდვების დიდი ხნით შენარჩუნება არავინ აპირებს“ და ვერავინ მოიყვანს მაგალითს, როდესაც „მთავრობამ ეს შეზღუდვები არამიზნობრივად გამოიყენა“.
გიორგი გახარიამ ეკონომიკის გაჩერების შესახებ ოპოზიციის კრიტიკასაც უპასუხა და თქვა: „ქვეყანაში არ გაჩერებულა სოფლის მეურნეობის არცერთი საწარმო, არცერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი, არცერთი სისტემური ინდუსტრიული კომპანია, რაც იყო ათობით ათასი სამუშაო ადგილი“. გახარიამ დასძინა, რომ არც ქვეყანაში მოწეული სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაფუჭებულა.
ამასთან, გახარიას თქმით, სხვადასხვა დაწესებულების ერთბაშად გახსნის პარალელურად, საჭიროა ვირუსთან ადაპტაციის მექანიზმების ამუშავებაც.
მანვე კოვიდ-19-თან ბრძოლაში საკარანტინო ზონების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მათი ამოქმედება „იყო ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი და სწორი ნაბიჯი“.
გიორგი გახარიამ ქვეყანაში სწრაფი ტესტების ნაკლებობის შესახებ კრიტიკასაც უპასუხა და თქვა, რომ ხელისუფლებამ სწრაფ ტესტებზე უარი „გააზრებულად“, ცდომილების მაღალი რისკის გამო თქვა. მისი თქმით, ამჟამად ქვეყანაში ყოველდღიურად დაახლოებით 2 500 PCR ტესტი ტარდება, სექტემბრის ბოლომდე კი – ეს მაჩვენებელი 10 000-მდე გაიზრდება.
ვირუსთან ბრძოლაში პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სექტორის, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ლუგარის კვლევითი ცენტრის, ასევე სამართალდამცველი სტრუქტურების მიერ შეტანილ წვლილს გაუსვა ხაზი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)