ინტერვიუმოსაზრება

რამ გამოიწვია კარანტინის საწინააღმდეგო პროტესტი მარნეულში?

Tags

მარნეულის მუნიციპალიტეტში დაძაბულობამ პიკს მიაღწია. 22 აპრილს სოფელ შულავერის მკვიდრები ქუჩებში გამოვიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს, რითაც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში საზოგადოებრივ შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვები დაარღვიეს. ასობით ადგილობრივი, ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები, 23 მარტიდან დაწესებულ მკაცრ საკარანტიო რეჟიმს და მათ მიერ მოყვანილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვასთან დაკავშირებულ სირთულეებს აპროტესტებდა.

აქციის მონაწილეები მათი ბიზნესის გადასარჩენად და სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად ხელისუფლების დაუყონებლივ ჩარევას ითხოვდნენ. თავის დროზე, მთავრობა ადგილობრივებს შეზღუდვების თანდათანობით შემსუბუქებას დაჰპირდა, ვინაიდან მათი დიდხანს ჩაკეტვა ფერმერებს სერიოზულად დააზარალებდა. თუმცა, საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივება ადგილობრივების მდგომარეობას მხოლოდ გააუარესებს.

მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის ფორმა არ მოიწონა, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა აქციას მხარდაჭერა გამოუცხადა და ხელისუფლებას რომ იმ პირთა წუხილების გაითვალისწინებისკენ მოუწოდა, რომელთაც პანდემიის დროს ყველაზე მეტად იზარალეს.

იმავდროულად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ საპროტესტო აქცია დაგმო და განაცხადა, რომ ის ოპოზიციური პარტიების მიერ იყო ორგანიზებული. მისივე თქმით, ეს არის დანაშაული და ისინი ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდნენ.

რეალურად რამ გამოიწვია პროტესტი? იყო ეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი საგანგებო მდგომარეობის ფონზე, თუ ფერმერთა მხრიდან ხელისუფლებისადმი დახმარების თხოვნა, რომლებიც კარანტინის პირობებში, საკუთარი თავის გადასარჩენად იბრძვიან? რა როლი შეასრულა, ან საერთოდ თუ შეასრულა რაიმე როლი ადგილობრივმა ხელისუფლებამ კორონავირუსის კრიზისის შესამსუბუქებლად?

„სამოქალაქო საქართველომ“ მარნეულში საზოგადოების უკმაყოფილების წყაროს დასადგენად კომენტარისთვის კამილა მამედოვას და შალალა ამირჯანოვას მიმართა.

კამილა მამედოვა, მარნეულის სათემო რადიოს დამფუძნებელი და დირექტორი

„მარნეულის მოსახლეობის უმეტესობა არის თვითდასაქმებული და აქვთ გარკვეული მცირე და მსხვილი ბიზნესები, რომლებიც სოფლის მეურნეობას უკავშირდება. ამიტომ, ბუნებრივია, მათ საკარანტინო ზომებით განსაკუთრებით იზარალეს. უმეტესობას აგროსესხები აქვს აღებული და ეს ყველაფერი სესხით აქვს გაკეთებული. უბრალოდ, ისინი ცხოვრებაში პირველად სახელმწიფოზე გახდნენ დამოკიდებულები.

ბაზრების დახურვამ სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა. ეს ადამიანები სოფლებიდან მარნეულში მანქანებით მოდიოდნენ და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს მცირე სასურსათო მაღაზიებს აბარებდნენ. ახლა კი – პროდუქციის ტრანსპორტირება უკვე მარნეულის შიგნითაც ვერ ხერხდება. 17 აპრილის შემდეგ, როდესაც მანქანების გადაადგილება შეიზღუდა, ამას ვერ ახერხებენ.

მუნიციპალიტეტიდან პროდუქცია პირველად დაახლოებით რვა დღის წინ გავიდა, მაშინ როდესაც ადგილობრივი ხელისუფლება სულ ამბობდა, რომ სადისტრიბუციო კომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

ასახლებენ მხოლოდ ერთ კომპანიას, რომელსაც „ჯიბე“ ჰქვია და პროდუქციით თბილისს ამარაგებს . აღმოჩნდა, რომ სარეალიზაციო პროდუქცია უფრო მეტია [ვიდრე დისტრიბუტორებს ჰქონდათ გათვლილი] და ახლა ამბობენ, რომ კომპანიებს დაამატებენ, იმისთვის, რომ ადგილობრივი პროდუქტი საქართველოს სხვა რეგიონებშიც გავიდეს.

აქციის ორგანიზება სოფელ აღმამედლოდან, დილის 11 საათისთვის დაიწყო და ხალხი შეიკრიბა. ჩვენ მივდიოდით ამ სოფელში და გზაში გავჩერდით იმიტომ, რომ აღმოჩნდა, რომ ამ და სხვა მიმდებარე სოფლებიდან ხალხმა გადაწყვიტა, რომ შულავერში გადასულიყო, რომელიც ერთგვარი დამაკავშირებელი პუნქტია, [აქ] სადახლოს გზა გადის – ყველაზე მოძრავი სატვირთო [მონაკვეთი] მანქანებისთვის.

აქციის ზოგიერთმა მონაწილემ თქვა, რომ მათ არ მოსწონთ, რომ პროდუქციას ძალიან იაფად, საბაზროზე უფრო დაბალ ფასში აბარებენ. ამაზე სოზარ სუბარმა [პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში] განაცხადა, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფონი ასეთია და მოსახლეობას პროდუქციის ძველ ფასებში გაყიდვა სურთ, რაც არარეალურია.

იყო ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ 40 ტონა ბროკოლი აქვს და ვერ ყიდდა. კიდევ ერთი ადამიანი ამბობდა, რომ პატარა ნაკვეთი აქვს, მაგრამ თავისი მყიდველი ყოველთვის ჰყავდა – მიდიოდა ზუგდიდში, ხსნიდა მანქანას და იქიდან ყიდდა. ახლა კი – მთლიანად იმაზე არიან დამოკიდებულები, როგორ შეუწყობს მათ ხელს თვითმმართველობა.

ჩვენი ინფორმაციით, ეს პროდუქცია ნამდვილად ფუჭდება.

დარწმუნებით ვერ ვიტყვი დღევანდელი აქცია ორგანიზებული იყო, თუ სპონტანურად მოხდა. წინა აქციები, როგორდ სიგნალების აქცია, რომელიც საკარანტინო რეჟიმის შემსუბუქების მოთხოვნით გაიმართა, მეტნაკლებად წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული იყო. დღევანდელი აქცია კი – შეიძლება ითქვას, რომ უფრო სპონტანური იყო. შესაძლოა, ზოგიერთი პოლიტიკური აქტივისტი მართლაც შეუერთდა აქციას, მაგრამ აქციის მონაწილეთა უმეტესობა უბრალოდ შეწუხებული ადამიანი იყო.

დღევანდელი აქცია დაასახელეს, როგორც პოლიტიკურად ანგაჟირებული აქცია. ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა [ამის დასტურად] ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის წევრებზე – აჰმედ იმამკულიევსა და აზერ სულეიმანოვზე მიუთითა, რომლებიც აქციას ესწრებოდნენ. თუმცა, ეს იმ ფაქტს არ ცვლის, რომ პროტესტი სოციალურ-ეკონომიკურმა ფაქტორებმა გამოიწვია. ეს პროდუქცია ნამდვილად ფუჭდება.

ზოგადად, ადგილობრივი მოსახლეობა ცუდადაა ინფორმირებული. ჩვენ ვერ შევაფასებთ, რამდენად კარგად ახერხებს მუნიციპალური ხელისუფლება მოსახლეობასთან კომუნიკაციას, განსაკუთრებით საგანგებო მდგომარეობის დროს.

სოზარ სუბარმაც თქვა, რომ ლოჯისტიკური პრობლემები არსებობს და ისინი მოუგვარებელია. მისივე თქმით, ხელისუფლებამ [ეთნიკურ აზერბაიჯანელ] მოსახლეობას ხმა ვერ მიაწვდინა და მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

ჩვენ [მარნეულის სათემო რადიოს] გვინდოდა გაგვერკვია ეს საკითხი, მაგრამ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ჩვენს ზარებს არ პასუხობს“.

შალალა ამირჯანოვა, სამოქალაქო აქტივისტი მარნეულიდან

„პროტესტი ჯერ აღმამედლოში იყო, ხალხი კასუმლოსა და შემდეგ შულავერში მოგროვდა, რომელიც დაახლოებით შუაწერტილია. ადგილობრივები სხვადასხვა სოფლიდან, მათ შორის, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს მდებარე სოფლებიდანაც აქ მოგროვდნენ.

აქციის მონაწილეთა უმეტესობა საკარანტინო რეჟიმით დაზარალებული ადგილობრივი მოსახლეა. წესით, ამ დროისთვის, ფერმერებს მოწეული მოსავალი გაყიდული უნდა ჰქონოდათ. დღეს კი – პროდუქტი უფუჭდებათ.

ძალიან ბევრს სესხები აქვს აღებული და დარდობენ, რომ ეკონომიკურ კრიზისში დარჩებიან.

მარნეულიდან მოსავალი მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთშიც გადის. ფერმერისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იყიდის მათ პროდუქტს, მთავარია გაიყიდოს.

შეიძლება [აქციის მონაწილეთა], ნაწილს რაღაც პოლიტიკური მოტივაციაც ჰქონდათ ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ, ეს აქცია ნამდვილად გასცდა პოლიტიკურ ჩარჩოს. აქციაზე, შეიძლება, ნაწილობრივ ყოფილიყო პოლიტიკური ფაქტორი, მაგრამ ამ ხალხს უბრალოდ დახმარება უნდა, რომ მოსავალი გაყიდოს და რაღაც შემოსავალი აიღოს.

კარანტინის შემოღების შემდეგ, მარნეულში ყველაფერი გაძვირებულია. სოფლის პატარა მაღაზიებს ყოველდღე მარნეულიდან მიჰქონდათ პროდუქტები. ყველაფერი დაცარიელებულია. დიდ ოჯახებში, სადაც ხუთი სული და მეტი ცხოვრობს, პურისთვის ფქვილს ყიდულობდნენ და ეს ფქვილი დამთავრდა. მიდიან ბაზარში –  დაკეტილია და მარკეტში ორმაგ ფასად ყიდულობენ.

გუშინ გამოაცხადეს, რომ სოფლის მეურნეობის სამუშაოების ჩასატარებლად ფერმერებს შეუძლიათ დილით გავიდნენ და საღამოს დაბრუნდნენ, მაგრამ მარნეული მაინც ჩაკეტილი სივრცეა და ხალხი ბირჟაზე თუ არ გავიდა, შესაბამის ინფორმაციას ვერ იღებს. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ითარგმნება, ბევრს საშუალება არ აქვს, რომ ინფორმაცია ინტერნეტიდან მიიღოს. ბირჟაზე გასვლის უფლება კი – არ აქვთ, ამისთვის ადამიანი ჯარიმდება.

წარმოიდგინეთ, რომ ხართ სოფლის რწმუნებული, გაქვთ რაღაც ინფორმაცია და უნდა გაავრცელოთ. საქმე ისაა, რომ სოფლის რწმუნებულიც კი – ქართულს შესაბამის დონეზე ვერ ფლობს და საიდან შეძლებს ამის გაკეთებას.

არ ვიცი, მერიიდან ინფორმაცია რა დონეზე გადის, თუმცა ვიცი, რომ ხალხამდე მაინც არ მიდის და აქიებიც ამის შედეგია. არის რესურსების ნაკლებობა, საგანგებო რეჟიმის დროს, ერთი და ორი ადამიანი არ არის საკმარისი, იმისთვის, რომ ყველაფერი შესაბამის დონეზე შეასრულონ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button