ახალი ამბები

ევროკომისია საქართველოს 150 მილიონი ევროს სესხს სთავაზობს

Tags

ევროკომისიის 22 აპრილის განაცხადებით, ორგანიზაციამ მიიღო წინადადება, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შემცირების მიზნით, გაფართოებისა და სამეზობლოს პროგრამების ფარგლებში, 10 ქვეყანას 3 მილიარდი ევროს ოდენობის მაკრო-ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს, მათ შორის, 150 მილიონი საქართველოს.

ევროკომისის განმარტებით, წინადადება „უპრეცედენტო კრიზისის დროს, ამ ქვეყნების მიმართ ევროკავშირის სოლიდარობის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა“.

ევროკომისიისვე ინფორმაციით, მაკრო-ფინანსური დახმარების ფარგლებში გამოყოფილი თანხა 12 თვის განმავლობაში, ძალიან ხელსაყრელი პირობებით, სესხების სახით იქნება ხელმისაწვდომი, რაც ქვეყნებს გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დაფარვაში დაეხმარება.

ევროკომისიამ ასევე განაცხადა, რომ მაკრო-ფინანსური დახმარების ფარგლებში გამოყოფილი თანხები იმ შერჩეული ქვეყნებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რომლებიც სესხის მისაღებად სათანადო ზომებს გაატარებენ.

ევროკომისიის განცხადებით, თანხების მისაღებად ქვეყნებმა დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის თვალსაზრისით, რიგი პოლიტიკური წინაპირობები უნდა დააკმაყოფილონ.

უნდა აღინიშნოს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის, მხოლოდ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა შედიან იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც ევროკავშირის დახმარებას მიიღებენ. აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელარუსი, ამ ეტაპზე, დახმარების მიმღებთა შორის არ არიან.

მოლდოვა 100 მილიონ ევროს, ხოლო უკრაინა 1.2 მილიარდ ევროს მიიღებს.

ევროკომისიამ ასევე განმარტა, რომ მისი წინადადება ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცონ, რის შემდეგაც თითოეულ პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, პირველი ტრანშის გადახდა „რაც შეიძლება სწრაფად“ მოხდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button