ახალი ამბები

სსფ-მა COVID-19-ის შედეგებთან საბრძოლველად საქართველოს 200 მლნ აშშ დოლარი გამოუყო

Tags

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) დირექტორთა საბჭომ ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს 200 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო.

საბჭომ ასევე დაასრულა საქართველოს ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მე-6 მიმოხილვა, რის შედეგადაც ფონდის მთლიანი აქტივები საქართველოსთვის 448 მლნ აშშ დოლარამდე გაიზრდება.

მთავარი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი საქართველოს ფინანსურ მხარდაჭერას ჯანდაცვისა და სოციალური უსაფრთხოების სისტემაში გაზრდილი ხარჯების დასაფარად დაჰპირდა.

შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, სსფ-ის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოს მთავრობას ნება დართო, ფონდის მოთხოვნაზე უფრო მაღალი ბიუჯეტის დეფიციტი ჰქონდეს

„მოსალოდნელია, რომ ეს პანდემიას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე და ბოლო წლების დადებით ეკონომიკურ კურსს შეაფერხებს“, – აღნიშნა სავალუტო ფონდმა და ხაზი გაუსვა, რომ „შესუსტებულმა“ მაკროეკონომიკურმა მაჩვენებლებმა და ფისკალურმა მდგომარეობამ „გადაუდებელი“ საგარეო და ფისკალური დაფინანსების საჭიროება შექმნა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილემ ტაო ჟანმა განაცხადა, რომ საგარეო მოთხოვნის და ტურიზმის კლებამ საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კიდევ უფრო გააფართოვა, რამაც გაცვლითი კურსის გაუფასურება და ეკონომიკური საქმიანობის მნიშვნელოვანი კლება გამოიწვია. ტაო ჟანის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ სწრაფად იმოქმედა მიზნობრივი დახმარების გაწევით როგორც ოჯახებისთვის, ისე ყველაზე დაზარალებული სექტორებისთვის.

მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელმაც „სწორად შეინარჩუნა ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა“, გადაწყვეტილებების მიღებისას „ინფლაციურ მოლოდინებზე საგულდაგულო მონიტორინგს“ უნდა დაეფუძნოს. 

რაც შეეხება ფისკალურ პოლიტიკას, ტაო ჟანმა განმარტა, რომ პენსიებისთვის ინდექსირების წესის შემოღება პენსიონერებისთვის სტაბილური შემოსავლის მიღებას შეუწყობს ხელს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სსფ-ის ხელმძღვანელობის მიმართ მადლიერება გამოხატა და აღნიშნა, რომ ეს საერთაშორისო დონორების მიმართ ძლიერი გზავნილია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button