ახალი ამბები

საოკუპაციო ძალებმა სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს

Tags

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 17 აპრილს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ „უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განახორციელეს“.

სუს-ის ინფორმაციით, მომხდარის გამო გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ასევე ინფორმირებულია ევროკავშრის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები.

„მსგავსი უკანონო აქტივობები, მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ადგილობრივების ყოველდღიურობას“, – განმარტავენ სუს-ში.

საკითხზე კომენტარი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გააკეთა და განაცხადა, რომ მსოფლიოში პანდემიასთან ბრძოლის ფონზე, საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ბორდერიზაცია კარგად წარმოაჩენს „საოკუპაციო რეჟიმის სახეს“.

„საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო ბორდერიზაცია განაახლა, რაც არ არის, საუბედუროდ, სიახლე, მაგრამ, აი ამ მძიმე ფონზე, როდესაც, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას, ამგვარი მოქმედებები წარმოაჩენს ძალიან კარგად საოკუპაციო რეჟიმის სახეს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე ცნობით, უკანონო ბორდერიზაციის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება. ციხელაშვილის თქმით, იგი საკითხზე ჟენევის თანათავმჯდომარებსაც ესაუბრა პირადად. ამასთან, სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, „შეტყობინება გაეგზავნა ევროკავშირის მონიტორინგის მისიას და ეთხოვა, ადგილზე პატრულირება“.

დღესვე, საოკუპაციო ხაზზე „ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის უკანონო პროცესი“ სპეციალური განცხადებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაგმო. სამინისტროს განმარტებით, საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვას უკვე მოჰყვა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვა.

„კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მით უფრო, აღდგომის დღესასწაულის წინა დღეებში მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით რუსეთის ფედერაცია გამიზნულად ცდილობს ადგილზე ვითარების ესკალაციას და უსაფრთხოების მდგომარეობის გამწვავებას. აღნიშნული ნაბიჯებით რუსეთი და მისი საოკუპაციო რეჟიმი გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებს კონფლიქტით დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც მძიმე ტვირთად აწვება რუსეთის უკანონო ოკუპაციის მწვავე ჰუმანიტარული შედეგები“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაციული და დესტრუქციული მოქმედებები და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები“.

საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობასაც მიმართავს, რათა სათანადო შეფასება მისცეს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებს და ქმედითი ზომები მიიღოს.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა მოუწოდა რუსეთისა და ცხინვალის უსაფრთხოების ძალებს, რომ თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისგან, რომელთაც, შესაძლოა, რეგიონში სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიონ.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა კი განაცხადა, რომ მისია სოფელ ტახტისძირში გამყოფი ხაზის გასწვრივ არსებულ სიტუაციაზე მონიტორინგს ახორციელებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button