Placeholder canvas
ახალი ამბები

ნატოს ხუთი ხომალდი ფოთის პორტს სტუმრობს

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ხუთი ხომალდი 7-9 აპრილს ფოთის პორტს სტუმრობს. ნატოს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია მასპინძლობს.

საზღვაო შენაერთს, რომლის შემადგენლობაშიც ბულგარული BGS Verni, კანადური HMCS Fredericton, იტალიური ITS Fasan, რუმინული ROS Regina Maria და თურქული TCG Salihreis ხომალდები შედიან, კონტრადმირალი, ნატოს SNMG2-ის სარდალი პაოლო ფანტონი ხელმძღვანელობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდები „ოჩამჩირე“ და „დიოსკურია“ და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ.

„შენაერთის ვიზიტი შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ნატო-საქართველოს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია და წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის მორიგ დადასტურებას“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კონტრადმირალმა პაოლო ფანტონიმ განაცხადა, რომ „საქართველოს სანაპირო დაცვასთან მჭირდო მუშაობისა და წვრთნის შესაძლებლობა კიდევ უფრო აღრმავეს ურთიერთთავსებადობას ჩვენს ძალებს შორის“.

ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ „ალიანსის წევრი სამი სახელმწიფო და ორი პარტნიორი ქვეყანა შავ ზღვას ესაზღვრებიან, რითაც თანამშრომლობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა ნატოს სერიოზული ინტერესის საგანი ხდება.“ განცხადების თანახმად, „ამ მიზნის მხარდასაჭერად, ნატოს საზღვაო ძალებმა შავ ზღვაზე წარმომადგენლობა გაზარდეს“.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, რიგი პრევენციული ზომები განხორციელდა. ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, გაუქმებულია საჯარო და კულტურული ღონისძიებები. შეხვედრები გაიმართება დისტანციურად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში. ერთობლივი წვრთნები კი მხოლოდ ხომალდების მანევრებს მოიცავს, ეკიპაჟების ურთიერთქმედების გარეშე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button