skip to content
ახალი ამბები

საქართველო აშშ-ის 2019 წლის ანგარიშში ადამიანის უფლებების შესახებ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 11 მარტს ადამიანის უფლებათა შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც რიგი ის პრობლემებია დასახელებული, რომელთაც 2019 წელს საქართველოში ჰქონდა ადგილი, მათ შორის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და პოლიტიკურად მოტივირებულად მიჩნეული გამოძიებები; პირადი საიდუმლოების ხელყოფა; ჟურნალისტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ არასათანადო ძალის გამოყენება; მშვიდობიანი შეკრების უფლების ხელყოფა; ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებების მიერ სიცოცხლის უკანონოდ/თვითნებურად აღკვეთა და თვითნებური დაკავებები. ასევე, ლგბტ თემის წინააღმდეგ ძალადობის შემცველი დანაშაულები.

პოლიტიკური თავისუფლება და სამოქალაქო თავისუფლებები

ანგარიშის თანახმად, კონსტიტუცია თვითნებურ დაკავებას და დაპატიმრებას კრძალავს და თითოეულ მოქალაქეს აძლევს უფლებას, რომ მისი დაკავების ან დაპატიმრების კანონიერება სასამართლოში გაასაჩივროს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ხელისუფლების მიერ ამ აკრძალვების დაცვა „არასათანადოდ“ შეაფასა. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დოკუმენტი აცხადებს, რომ 20-21 ივნისის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ზოგიერთი პირის დაკავება „პოლიტიკურად მოტივირებული“ იყო.

ანგარიში ივნისის საპროტესტო აქციების დროს „არაპროპორციული და გადამეტებული“ ძალის გამოყენებაზეც საუბრობს და არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სახელმწიფო თავს იკავებს იმ პირთა პასუხისგებაში მიცემისგან, რომლებიც მშვიდობიან მომიტინგეებს რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდნენ, რაც, დოკუმენტის თანახმად, იმაზე მიანიშნებს, რომ სახელმწიფო მოხელეებს არ გააჩნიათ პოლიტიკური ნება, რომ სამართალდამცველი სტრუქტურების დეპოლიტიზება მოახდინონ და პოლიციის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენება აღკვეთონ.

ანგარიშში ასევე საუბარია თიბისი ბანკის დამფუძნებლების – მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით აღძრულ საქმეზე. 20 ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი განცხადების საფუძველზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ხაზარაძისა და ჯაფარაძის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები „პოლიტიკურად მოტივირებულია“.

სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ქართული არასამთავრობოების წუხილებზე დაყრდნობით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2019 წლის განმავლობაში მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდებოდა, როგორც სასამართლო სისტემის შიგნიდან, ისე გარედან. დოკუმენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის პროცესს გამოყოფს და აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნა სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძე, რომელსაც კორუფციაში სდებდნენ ბრალს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გაუმჭვირვალობას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ ინტერვიუები იმ კანდიდატებთან გაიმართა, რომელთაც არაპროფესიონალიზმის გამო ეუთო/ოდირი აკრიტიკებდა.

პრესის თავისუფლება

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში დამოუკიდებელი მედია კვლავ თავისუფალი რჩებოდა და შეხედულებების ფართო სპექტრს გამოხატავდა. თუმცა, დოკუმენტის მიხედვით, არასამთავრობოები კვლავ აკრიტიკებდნენ „ახლო ურთიერთობებს“ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელობასა და მმართველ პარტიას შორის, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის „მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას“ მმართველი პარტიის სასარგებლოდ.

ანგარიშის თანახმად, წუხილები რჩებოდა ზოგიერთი მედიის საქმიანობაში ხელისუფლების ჩარევის გამო. დოკუმენტში მაგალითად აჭარის ტელევიზიაა მოყვანილი, რომლის დირექტორიც, გავრცელებული ინფორმაციით, იმის გამო გაათავისუფლეს, რომ ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა შეეზღუდათ. ანგარიშში ნათქვამია, რომ დეკემბერში ჟურნალისტებმა ახალი დირექტორის წინააღმდეგ პროტესტი გამოთქვეს, ვინაიდან, მათი თქმით, იგი მათ საქმიანობაში ერეოდა და ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას ცდილობდა.

ანგარიში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილებასაც ეხება, რომლითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკუთრების უფლება მის ყოფილ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა. დოკუმენტის თანახმად, ზოგიერთი მედიაექსპერტი შიშობდა, რომ ეს ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე იმოქმედებდა და ზოგადად, მედიაგარემოს თავისუფლებას შეზღუდავდა.

ანგარიში აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელი ტელევიზიის – „ტელეკომპანია პირველის“ მფლობელმა ვახტანგ წერეთელმა განაცხადა, რომ მამამისისთვის, ავთანდილ წერეთლისთვის თიბისი ბანკის საქმეზე ფულის გათეთრების ბრალდების წაყენებით, ხელისუფლება ტელეკომპანიაზე არასათანადო ზეწოლას ახდენს.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევები

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2019 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა და ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებებმა განაგრძეს თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა. მხოლოდ ახალი აფხაზური „პასპორტებისა“ და სოხუმის მიერ გაცემული დროებითი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მფლობელებს შეეძლოთ გამშვები პუნქტის გავლით აფხაზეთში შესვლა. ანგარიშის თანახმად, გამშვებ პუნქტებზე დაწესებულ შეზღუდვას ფატალური შედეგი მოყვა მას შემდეგ, რაც სოფელ იკოთის მკვიდრი, 70 წლის მარგო მარტიაშვილი გარდაიცვალა, ვინაიდან დე-ფაქტო ხელისუფლებამ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლის ნება არ დართო.

ანგარიში გამყოფ ხაზებზე ეთნიკური ქართველების ხშირ დაკავებებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ 15 ნოემბერს ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებამ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავა „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით და მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ანგარიშში ასევე საუბარია 7 დეკემბერს ანალოგიურ ვითარებაში კიდევ ოთხი პირის დაკავებაზეც. მათგან არასრულწლოვანი იმ დღესვე გაათავისუფლეს, ხოლო დანარჩენები – ცხინვალის ხელისუფლებისთვის „ჯარიმის“ გადახდის შემდეგ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი ცხინვალის რეგიონის ხელისუფლება განაგრძობს მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვას ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის გამყოფი ხაზის გასწვრივ, რის შედეგადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ დაკარგა წვდომა საკუთარ ქონებაზე. დოკუმენტის თანახმად, სექტემბერში ცხინვალმა „ეროვნული უსაფრთხოების“ საბაბით ერთის გარდა ყველა გამშვები პუნქტი ჩაკეტა, რითაც ადგილობრივ მოსახლეობას საკვებზე, მარაგებსა და მედიკამენტებზე წვდომა შეუზღუდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე საუბარია აფხაზეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებზე, რომელთაც წართმეული აქვთ ძირითადი უფლებები, კერძოდ კი გალის რაიონის მკვიდრებს ხმის მიცემის, ქონების შესყიდვის და განათლების მშობლიურ ენაზე მიღების უფლებები ჩამოართვეს.

ქალები, უმცირესობები და შრომითი უფლებები

ოჯახური და სხვა ძალადობა ქალების წინააღმდეგ კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, რომლის წინააღმდეგაც ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე საუბარია 2018 წელს ნეონაცისტური ჯგუფის მიერ სამოქალაქო აქტივისტის ვიტალი საფაროვის მკვლელობაზე. საქმეზე 27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორ პირს პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ანგარიშის თანახმად, მკვლელობას სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია არ მიენიჭა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციაზე დაყრდნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ლგბტ პირები კვლავ ძალადობის, დევნის, არასათანადო მოპყრობის, შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან და რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მათ წინააღმდებ ძალადობის აღკვეთა, რაც, ანგარიშის თანახმად, „სერიოზული პრობლემაა“. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ლგბტ აქტივისტებს არ მიეცათა „თბილისი პრაიდის“ ჩატარების საშუალება, ვინაიდან შსს-მ მათი ოპონენტებისგან დაცვა არ ისურვა.

დოკუმენტის თანახმად, ხელისუფლებამ ეფექტიანად ვერ უზრუნველყო იმ კანონების განხორციელება, რაც დასაქმებულების უფლებების დაცვას ითვალისწინებს. ანგარიში ასევე აღნიშნავს, რომ შრომის ინსპექციამ და მედიაციის სამსახურებმა „ვერ უზრუნველყვეს შრომითი ხელშეკრულებების განხორციელება ან დამსაქმებლების მიერ შრომის კანონების დაცვაზე ხელისუფლების კონტროლის უზრუნველყოფა“. სახელმწიფო დეპარტამენტი განმარტავს, რომ დასაქმებულებმა საქართველოში, გაფიცვის უფლება ძირითადად კანონის შესაბამისად გამოიყენეს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მენეჯმენტმა ისინი ამის გამო დასაჯა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button