skip to content
ახალი ამბები

„თბილისი პრაიდი“ 8 ივლისს ღირსების მარშს გამართავს (განახლება: მარში გაუქმდა)

განა

ეს სიახლე განახლდა 8 ივლისს, 02:24 საათზე.

8 ივლისს, ღამის 2 საათისათვის გავრცელდა ინფორმაცია, რომ „თბილისი პრაიდმა“ 8 ივლისს დაგეგმილი ყველა შეკრება გააუქმა, მას შემდეგ რაც ღირსების მარშის ჩატარების დრო და ადგილი რადიკალურად განწყობილი ჯგუფებისთვის გახდა ცნობილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“, რომელიც ლგბტქი აქტივისტებსა და უფლებადამცველებს აერთიანებს, ადგილობრივ და საერთაშორისო მხარდამჭერებთან ერთად, 8 ივლისს, თბილისში ღირსების მარშს გამართავს. 

მარშის ჩატარება თავდაპირველად 22 ივნისს „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებული კვირეულის ფარგლებში იგეგმებოდა, თუმცა 20 ივნისს თბილისში დაწყებული ანტისაოკუპაციო აქციების გამო, დროებით გადაიდო.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა 7 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში განმარტეს, რომ მარშის გადადება მათთვის „მტკივნეული გადაწყვეტილება“ იყო, თუმცა ამ ნაბიჯით მათ, „როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა“, სოლიდარობა გამოუცხადეს მათ, ვინც „სრულიად სამართლიანად აპროტესტებდა პარლამენტის წინ რუსულ ოკუპაციას და რუსი პარლამენტარის სამარცხვინო ვიზიტს საქართველოში“.

„თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა ასევე საქართველოს მთავრობას ლგბტქი აქტივისტებისა და მათი მხარდამჭერების მსვლელობის უსაფრთხოების დაცვისაკენ მოუწოდეს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია სრული რესურსი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ღირსების მარშის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება“, – განაცხადეს  პრაიდის ორგანიზატორებმა. „იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა სრულად აცნობიერებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და დადგება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაცული იყოს ღირსების მარშის თითოეული მონაწილის უსაფრთხოება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ისევე როგორც 22 ივნისის წინ, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები ღირსების მარშის ჩატარების ზუსტ დროსა და ადგილს წინასწარ არც ამჯერად ასაჯაროვებენ. მიზეზი კვლავაც რადიკალურად განწყობილი ჯგუფებისა და სასულიერო პირების მხრიდან მომდინარე მუქარაა, რომ ლგბტქი თემის აქტივისტებს თბილისში მსვლელობის მოწყობის საშუალებას არ მისცემენ.

ეს მუქარა 7 ივლისს კიდევ ერთხელ გაიმეორა რუსეთის ინტერესებთან დაკავშირებულმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ, რომელმაც მიმართა თავის მხარდამჭერ მამაკაცებს და 8 ივლისს, დილის 10 საათზე, ვერის ბაღში შეკრებისკენ მოუწოდა. ვასაძის თქმით, ისინი არ დაუშვებენ „სიბილწის პროპაგანდას“ და „ქვეყნის შეურაცხყოფას“ და პრაიდის მონაწილეებს მათი მსვლელობის ადგილიდან ქამრების გამოყენებით „გაათრევენ“. საჭიროების შემთხვევაში კი, მიზნის მისაღწევად პოლიციის კორდინის გარღვევასაც შეეცდებიან. 

„არა აქვს მნიშვნელობა, ისინი [ლგბტქი აქტივისტები] იქნებიან საწყალ ნარკომანებთან, საწყალ უცხოელებთან, არასამთავრობოების თანამშრომლებთან, თუ ნებისმიერ იმ ადამიანთან ერთად, რომელიც… გადის წესრიგის მიღმა და არღვევს ჩვენს ტრადიციას –  ყველა ამ ადამიანს ჩვენ გავათრევთ იქედან“, – განაცხადა ვასაძემ. 

მისივე თქმით, ლგბტქი აქტივისტები აქციაზე იარაღის მიტანას და პროვოკაციებს გეგმავენ, თუმცა ის და მისი მომხრეები „ყოველგვარ მკვლელობას, სროლას, დანას, ძალადობას“ ემიჯნებიან და „ნებისმიერ მსხვერპლზე, ნებისმიერი დაძაბულობაზე“, რომელიც „იქ მოხდება“ პასუხისმგებლობას პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობა იქნება. 

ვასაძემ 8 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარში ნაციონალური მოძრაობის ბოლო პროვოკაციად შეაფასა. „ნაცებთან ერთად, უცხოეთში დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა არ შედგა და ჩაიფუშა, მათ შორის, ჩვენი ხალხის ძალისხმევის წყალობით, და ახლა ეს არის ბოლო პროვოკაცია“, – განაცხადა მან.

 

18-23 ივნისს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიება ჩატარდა. 

კვირეულის დასასრულს, ლგბტქი აქტივისტები და მათი მხარდამჭერები მსვლელობის – ღირსების მარშის მოწყობასაც გეგმავდნენ, თუმცა 20 ივნისს თბილისში დაწყებული ანტისაოკუპაციო აქციების გამო მსვლელობა გადაიდო. 

„თბილისი პრაიდის“ კვირეულამდე რამდენიმე დღით ადრე, 14 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ  დაგეგმილი ღონისძიებები „ყოვლად მიუღებელია“ და ხელისუფლებას მოუწოდა, ორგანიზატორებისთვის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების ჩატარების საშუალება არ მიეცა.

საპატრიარქოს განცხადების საპასუხოდ, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა იმავე დღეს მთავრობის ადმინისტრაციის წინ შეკრება და ხელისუფლებისგან მათთვის კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებების დაცვის მოითხოვნა გადაწყვიტეს, თუმცა ლგბტქი აქტივისტებს ადგილზე მისვლა რადიკალურმა ჯგუფებმა დაასწრეს და მათ დაგეგმილ ადგილზე აქციის ჩატარების შესაძლებლობა არ მისცეს.

ორი პარალელური – ლგბტქი თემისა და მათი საწინააღმდეგო აქცია კანცელარიასთან დაახლოებით შვიდ საათს გაგრძელდა, რა დროსაც რამდენიმე ინციდენტს და შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი. შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 28 პირი დააკავა.

16 ივნისს, რუსეთის ინტერესებთან აფილირებულმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში მხარდამჭერ მამაკაცებს უხმო და ლგბტქი აქტივისტების მსვლელობის აღსაკვეთად „სახალხო ლეგიონის“ შექმნა გამოაცხადა. მომდევნო დღეს,  შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების თაობაზე ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებების პასუხად გამოძიება დაიწყო. იმავე დღეს ვასაძემ მომხრეებს დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, „ქალაქში წესრიგის შესანარჩუნებლად“, კვლავ მოახდინონ მობილიზაცია.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და შსს-ს შორის ბოლო შეხვედრა 17 ივნისს გაიმართა, სადაც უწყების წარმომადგენლებმა ორგანიზატორებს, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დაგეგმილი ღონისძიებების გაუქმება ურჩიეს.

„თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებული მოვლენების შესახებ დაწვრილებით წაიკითხეთ აქ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button