ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა ინსტიტუტების ევროპული ქსელი ომბუდსმენის აპატარის მიმართ ხელისუფლების მოპყრობის გამო შეშფოთებულია

Tags

21 თებერვალს ადამიანის უფლებათა ინსტიტუტების ევროპულმა ქსელმა (ENNHRI), უფლებადამცველ სხვა ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა, რასაც წინ ციხეებში სახალხო დამცველის ვიზიტების კონფიდენციალობის დარღვევა და სახალხო დამცველის აპარატზე განხორციელებული შეტევა უძღოდა.

ENNHRI-მ შეშფოთება გამოხატა საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე, რომლებიც ციხეში ვიზიტების კონფიდენციალობის დარღვევას ეხება და რომლებიც, განცხადების თანახმად, „საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება“ და, „შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს სახალხო დამცველის შესაძლებლობაზე, რომ საკუთარი მანდატი ეფექტურად და დამოუკიდებლად განახორციელოს“.

21 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებით წარდგა და N2, N8, N14 და N15 სასჯელაღსრულების დაწესებულებათა მონიტორინგის შედეგები მიმოიხილა.

სახალხო დამცველმა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობის მასშტაბებსა და გამოვლინებებზე, ასევე ჯანდაცვის კუთხის არსებულ მდგომარეობაზე, გადატვირთულობაზე, პერსონალის ნაკლებობასა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პრობლემებზე ისაუბრა. ENNHRI-ს ინფორმაციით, სახალხო დამცველის დასკვნები წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიშს შეესაბამება, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიიღო.

ანგარიშის წარდგენას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც ესწრებოდა, რომელმაც პატიმრებთან მონიტორინგზე შესული ომბუდსმენის წარმომადგენელი გააკრიტიკა. კერძოდ, წულუკიანმა ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა: „ეს არის სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც ორჯერ ადუღებინებს ყავას პატიმარს, მიირთმევს მის შოკოლადს, ეწევა მის სიგარეტს და შემდეგ საკანში პატიმრისთვის განთავსებულ სველ წერტილს მოიხმარს და 4 საათი რჩება ე.წ. მონიტორინგის რეჟიმში“. მინისტრმა სხდომაზე დამსწრეებს შესაბამისი კადრების ამსახველი ვიდეოც აჩვენა. მოგვიანებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ მონიტორინგის ვიდეოც გაავრცელა.

განცხადების თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს სახალხო დამცველის საქმიანობისთვის ხელისშეშლას. ENNHRI-მ ასევე აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონი კრძალავს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელსა და პატიმარს შორის შეხვედრაზე თვალთვალის განხორციელებას.

ENNHRI-მ გაეროს პარიზის პრინციპების შესახებ დოკუმენტი მოიშველია, რომელიც ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს [საქართველოს შემთხვევაში, სახალხო დამცველის აპარატს] ანიჭებს მანდატს, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევებზე საკუთარი მოსაზრება წარადგინონ.

ორგანიზაციები შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები შეიცავს რისკს, რომ გაუარესდეს ხელშემწყობი გარემო სახალხო დამცველის ეფექტური და დამოუკიდებელი საქმიანობისთვის. „კერძოდ, კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებამ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენა“, – აღნიშნა ENNHRI-მ. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ეს რეგიონულ და საერთაშორისო სტანდარტს არღვევს, რომელიც ადგენს, რომ ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს და მათ თანამშრომლებს არ უნდა შეექმნათ შურისძიების ან დაშინების რაიმე საფრთხე იმ ქმედებების შედეგად, რასაც ისინი საკუთარი მანდატების ფარგლებში ახორციელებენ“.

ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს დაიცვან საერთაშორისო პრინციპები, რომლებიც ინსტიტუტების, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატის დაცვას მოითხოვს დაშინების, მუქარისა და ნებისმიერი იმ ქმედებებისგან ხელისუფლების მხრიდან, რომელთაც, შესაძლოა, „უარყოფითი გავლენა მოახდინონ მათ დამოუკიდებლობასა და ეფექტურობაზე“. ENNHRI-მ ასევე მიმართა სახელმწიფო ინსტიტუტებს (პროკურატურას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს) წამოჭრილი საკითხები სწრაფად და ზედმიწევნით გამოიძიონ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button