skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე NDI-ს და IRI-ს მხარს უჭერს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ელიოტ ენგელმა დღეს ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა. კონკრესმენის მხარდაჭერა რამდენიმე დღის წინ, ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ ამ ორგანიზაციების კრიტიკას მოჰყვა.

კონგრესმენმა ენგელმა ხაზი გაუსვა, რომ NDI და IRI საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ისე მუშაობენ, რომ ქართულ პოლიტიკაში არავის მხარეს არ იჭერენ. „საქართველოში, ისინი მჭიდროდ მუშაობენ პარტნიორებთან მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, მათ შორის მმართველ პარტიასთან და ოპოზიციასთან. ისინი ვინმეს მხარეს არ არიან და არც კონკრეტულ პოლიტიკურ შედეგებს უჭერენ მხარს“, – განაცხადა ენგელმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ მოუწოდა „მეგობრებს საქართველოში“, რომ განაგრძონ NDI-ს და IRI-ს მსგავს ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებებს უფრო დემოკრატიული, სუვერენული და აყვავებული მომავლისკენ“.

„მე მხარი დავუჭირე კონგრესის ინვესტიციას საქართველოს დემოკრატიასა და სამოქალაქო საზოგადოებაში, მათ შორის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მეშვეობით“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ „ამ ორგანიზაციებს რიგ პარტნიორებთან უმუშავიათ, მსოფლიო მასშტაბით დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდასაჭერად“.

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველომ უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის და კანონის უზენაესობის განვითარებისკენ – რაც ამ ქვეყანასთან ამერიკის თანამშრომლობის მთავარი ღირებულებებია“, – თქვა კონგრესმენმა ენგელმა და განმარტა, რომ „ქართველი ხალხი ვლადიმირ პუტინის აგრესიის წინააღმდეგ ფრონტის ხაზზე იმყოფება იმ ფონზე, როდესაც რუსეთი დღემდე განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას“.

„აშშ-ის კონგრესი ქართველი ხალხის გვერდითაა და მე ყველაფერს გავაკეთებ საქართველოში დემოკრატიის და სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად“, – დასძინა კონგრესმენმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button