skip to content
ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი გახარია დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსში იმყოფება, სადაც 21-24 იანვარს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 50-ე შეხვედრას ესწრება.

ფორუმის ფარგლებში, დღეს გახარია თავის ბულგარელ კოლეგას, ბოიკო ბორისოვს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის „ნაყოფიერ“ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ისაუბრა. ორმა პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარების და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა თავის ბულგარელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

მანამდე გახარია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პირველ ვიცე-პრეზიდენტს იურგენ რიგტერინქს შეხვდა.

აღნიშნა რა, რომ 2019 წელი EBRD-ისთვის საუკეთესო წელი იყო საქართველოში, რიგტერინქმა განაცხადა, რომ საქართველოს თანამშრომლობა ბანკთან „აშკარად ძალიან კარგია“ და რომ EBRD მოხარულია ქვეყანაში რეფორმების მიმდინარეობის გამო.

წელს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში 117 ქვეყნიდან 3 000-მდე დელეგატი მონაწილეობს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარიას სამუშაო ვიზიტის ეკონომიკური ნაწილი დაეთმობა შეხვედრებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან და მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებთან, მათ შორისაა Philips Lighting, Siemens Energy, Camille Bloch, Coca-cola, Oneweb და სხვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში „New Ambitions for Europe“ და სიტყვით მიმართავს ევროპელი ლიდერებისთვის ორგანიზებული ოფიციალური ღონისძიების – “Uniting Europe” მონაწილეებს.

დავოსში გახარიას თან ახლავს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ასევე პრემიერ-მინისტრის მრჩევლები საერთაშორისო ურთიერთობების და ეკონომიკის საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანი და ბექა ლილუაშვილი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button