ახალი ამბები

შსს-მ ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეზე 5 პირი დააკავა

Tags

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟის ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეზე 5 პირი დააკავა. 

უწყების მიერ 20 დეკემბერს გავრცელებული განცხადების მიხედვით, დაკავებულებიდან ერთს გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას, ოთხს კი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. 

„გამოძიებით დადგენილია, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა ტ.ღ.-მ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, თბილისში, გალის ქუჩაზე, ცოტნე გამსახურდიას, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბასრი საგნის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

უწყებისვე განმარტებით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს 7-დან 15 წლამდე ვადით, ხოლო ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ პირებს – 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გამოძიების ვერსიას არ ეთანხმება დაშავებულის მეუღლე ანა ჯაბაური და ამბობს, რომ იგი გამორიცხავს ვერსიას, თითქოს ცოტნე გამსახურდიას თავს მხოლოდ ერთი ადამიანის ცდემდა, დანარჩენი კი – უყურებდა. 

„ბევრ ადგილზე იყო სისხლი, ნამტვრევები, საიდანღაც მოტანილი ყავარჯნები. მეზობლებმაც დაინახეს, რომ 4-5 კაცი გარბოდა. ნამდვილად ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ცოტნეს თავს 4-5 კაცი დაესხა“, – განაცხადა მან მედიასთან საუბისას.

ცოტნე გამსახურდიას თავს 19 დეკემბერს, საღამოს, საკუთარი სახლის სიახლოვეს დაესხნენ და თავის, ზურგის და გულმკერდის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენეს. გუშინვე მას რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების განმარტებით, მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

გამსახურდიას ახლობლები მედიასთან საუბარში განმარტავენ, რომ მასზე თავდასხმა, შესაძლოა, ბოლო დროს ხელისუფლების მიმართ მის კრიტიკულ აქტივობებს უკავშირდებოდეს.

ასევე წაიკთხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button