ახალი ამბები

პრაღაში აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა გაიმართა

Tags

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გრიგორი კარასინმა, 28 ნოემბერს პრაღაში მოლაპარაკება გამართეს.

კარასინმა, რომელიც სექტემბრიდან რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი გახდა, თბილისთან დიალოგის წარმოების უფლებამოსილება შეინარჩუნა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელი განცხადებით, შეხვედრაზე კარასინმა და აბაშიძემ დაადასტურეს მზადყოფნა, რომ თბილისში ივნის-ივლისის მოვლენების შემდეგ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში შექმნილი „არცთუ მარტივი სიტუაციიდან“ გამოსვლის გზები ეძებონ.

სავაჭრო ურთიერთობები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის პირველ რვა თვეში, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 12%-ით შემცირდა. „მიუხედავად ამისა, რუსეთი საქართველოს მეორე საგარეო-სავაჭრო პარტნიორად და ქართული პროდუქციის, უპირველეს ყოვლისა კი, ღვინის, უმსხვილეს იმპორტიორად რჩება“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2018 წელს რუსეთთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 1.37 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა; ექსპორტის მოცულობა 437.3 მლნ აშშ დოლარი (396.7 მლნ აშშ დოლარი 2017 წელს), ხოლო იმპორტის მოცულობა 935.7 მლნ აშშ დოლარი (786.9 მლნ აშშ დოლარი 2017 წელს) იყო.

ამავე განცხადების თანახმად, „რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სავალდებულო ზომების მიღების შემდეგ, ტურისტული ნაკადი რუსეთიდან საქართველოში ყოველთვიურად კლებულობს“.

„რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია მომხდარი თბილისისთვის გაკვეთილი იყოს და უფრო პასუხისმგებლიანი მიდგომა აირჩიოს მოსკოვთან ურთიერთობების ჩამოყალიბებისას. ეს გზას გაუხსნის ნორმალიზების პროცესის გაგრძელებას, მათ შორის, ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

გუშინდელ შეხვედრაზე რუსმა და ქართველმა დიპლომატებმა 2011 წლის საბაჟო მონიტორინგის შეთანხმების განხორციელებაზეც ისაუბრეს. რუსეთის საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ არ მოახდინონ დისკუსიების პოლიტიზება, რათა დაარეგულირონ სადავო საკითხები და შეთანხმების პრაქტიკული რეალიზება დაიწყონ, მისი პირობების მკაცრი დაცვით.

ქართველი ექიმის დაკავება ცხინვალში

შეხვედრამდე ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ცხინვალის საოკუპაციო ძალების მიერ ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნებოდა.

„რაც შეიძლება სწრაფად უნდა გათავისუფლდეს ეს პიროვნება და დაუბრუნდეს თავის ოჯახს. ეს არის ჩვენი მოთხოვნა“, – უთხრა აბაშიძემ ჟურნალისტებს პრაღის შეხვედრის წინ.

მისი თქმით, მართალია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები ჩვეულებრივ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე განიხილება, იგი მაინც გამოიყენებს ამ შესაძლებლობას საკითხის დასაყენებლად.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ რუსმა დიპლომატმა აბაშიძეს აცნობა, რომ იგი პრობლემის დადებითად მოგვარებას ხელს შეუწყობს.

ნატოსთან, აშშ-სთან ურთიერთობები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა ნატოსთან და აშშ-სთან „სერიოზულ გამაღიზიანებლად რჩება ორმხრივი ურთიერთობებისთვის“. მან მოუწოდა თბილისს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი „რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთქმედების განვითარებისთვის გამოიყენოს“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კარასინსა და აბაშიძეს შორის მომდევნო შეხვედრა 2020 წლის მარტში გაიმართება.

მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან ორ კვირაში, 26 აგვისტოს აღიარა. დღემდე, ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა, მხოლოდ სირიამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ნიკარაგუამ აღიარეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button