ახალი ამბები

დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარედ აირჩიეს

Tags

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიამ (სემეკ) დღეს კომისიის ერთ-ერთი წევრი, დავით ნარმანია, 3 წლის ვადით,  კომისიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია. მის კანდიდატურას კომისიის ოთხივე წევრი მიემხრო.

დავით ნარმანია კომისიის წევრად 2017 წელს 6 წლის ვადით საქართველოს პარლამენტმა აირჩია. სემეკში არჩევამდე, 2014-2017 წლებში ის თბილისის მერი იყო, 2012-2014 წლებში კი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს იკავებდა.

სემეკის თავმჯდომარის ახალი წესით აირჩიეს. გასულ კვირას, პარლამენტმა ცვლილება შეიტანა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში, რომელიც სემეკის ჩამოყალიბების წესს ადგენს, და კომისიის თავმჯდომარის არჩევა მისსავე წევრებს მიანდო. მანამდე მოქმედი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარეს, პრეზიდენტის წარდგენით, პარლამენტი 6 წლის ვადით ირჩევდა.

თავმჯდომარის არჩევის ახალი წესის მიღების საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც დეპუტატებმა  პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ სექტემბრის თვეში პარლამენტისთვის წარდგენილი დავით ნარმანიას კანდიდატურის განხილვა დაიწყეს და განხილვის პროცესში აღმოაჩინეს, რომ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის ის ნორმა, რომელიც პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად სემეკის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენას ითვალისწინებდა, ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციას. კონსტიტუციის ახალი რედაქციით, სემეკის მიმართ სახელმწიფოს მეთაურის კომპეტენცია მხოლოდ კომისიის წევრობის კანდიდატთა ნომინირებით შემოიფარგლება.

საკანონმდებლო ხარვეზის აღმოსაფხვრელად დეპუტატებმა ცვლილება დაჩქარებული წესით მიიღეს.

კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება ნარმანიას 22 ოქტომბერს, სემეკის მიერ კენჭისყრის შედეგების დამტკიცების შემდეგ მიენიჭება.

სემეკი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოა, რომელიც ელექტროენერგიის წარმოება-მიწოდების, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების და განაწილების, აგრეთვე წყალმომარაგების პირობებს, მათ შორის, მომსახურების ტარიფებს, არეგულირებს. კომისია შედგება 5 წევრისგან, რომლებსაც, პრეზიდენტის წარდგენით, პარლამენტი 6 წლის ვადით ირჩევს.

სემეკის წინა თავმჯდომარეს, ირინა მილორავას, უფლებამოსილების ვადა 2019 წლის 17 სექტემბერს ამოეწურა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button